ობლად დარჩენილი შვილები – ჩვენ და ბენდუ

Posted on Updated on

„იუდამ იცოდა რომ მისი დიდი ცოდვის გარეშე ადამიანი ღმერთს ვერ მოიპოვებდა და მისცა ღმერთი ადამიანს“.

ჯ. ქარჩხაძე

ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანებთან ვირტუალურ ურთიერთობებს ვამყარებ. ჩემმა მეგობრებმა ეს ძალიან კარგად იციან, რის გამოც, ეს ამბავი, სიცილის საგანიც ხშირად გამხდარა. ეს სკაიპით ან ფეისბუქით უცხო ადამიანების დამატებას და საუბარს არ გულისხმობს, ეს ჩვეულებრივი კონტაქტია, ოღონდ ემოციებით და არა სიტყვებით. ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც.

ბავშვობიდან მსმენოდა მასზე ძალიან ბევრი რამ, კარგიც და უფრო მეტი – ცუდი. მეც არ მიყვარდა, მეტიც, ძალიან არ მიყვარდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე ამბობდნენ, მეტი არაფერი, არაფერი პირადული. დღემდე არ ამომდის მეხსიერებიდან ის კადრები, ტელევიზორიდან, ძალიან პატარა, რომ მივჩერებოდი, უამრავი ქალი გარეთ გამოსულიყო და გაჰკიოდა: „ბენდუქიძე – იუდა!“ შემდეგ კი მისი და ვიღაც ქალის კადრი იყო ფანჯარაში, რომელიც დღემდე დედამისი მგონია. აძაგებდნენ მას და ვერც მე ვიტანდი, ასე ამბობდნენ ცუდიაო, საქართველო გაყიდაო, ესაო, ისაო, არც მაინტერესებდა ეს ამბები და დიდად არც განვიცდიდი, უბრალოდ არ მიყვარდა რა, მაგრამ ეს მანამდე, სანამ ერთმანეთს პირველად შევხვდებოდით.

ეს თავის უნივერსიტეტში, გაცნობითებზე მოხდა. უნივერსიტეტში მოსულს გაცნობიერებული მქონდა, ვის უნივერსიტეტშიც მივდიოდი. ყველაფერი ძალიანაც მომწონდა, ლექციები, ატმოსფერო, შენობა, ფერები, მაგრამ კარგი არაფერი დამცდენია. უტეხად ვიდექი და არაფერს ვამბობდი. ძალიან, ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი კაფეტერიაში, რომ შევედით, შემოვიარეთ, ამ დროს, ჩემმა დაქალმა მკითხა: „ჰა, აღიარე, რომ ძალიან მაგარია!“ მე დავიჭყანე და ვთქვი:

– კი, გეთანხმები, ნამდვილად ძალიან მაგარია, ყველაფერი მომწონს, მაგრამ – აქ ცენტრალურ გამათბობელს დავკარი ხელი – ბენდუქიძის უნივერსიტეტში მაინც არ ჩავაბარებ, დაიმახსოვრე!

ეს იყო პირველი გამოწვევა ჩემს უაზრო პრინციპებსა და მის შესაძლებლობებს შორის. მაშინ ჯერ კიდევ ზამთარი იყო. ჩაბარებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო. იცვლებოდა უნივერსიტეტთა ჩამონათვალი, ჩემი არჩევანი, ვერ ვღალატობდი პრინციპებს. ბევრი ფიქრისა და საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ, გაგეცინებათ და მე მისი უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი 🙂 და ეს იყო მისი პირველი გამარჯვება. უნივესიტეტში პირველივე ნაბიჯის შემოდგმისას თავი დავხარე და გავიფიქრე: „საღოლ, კახა, მე მაინც დავბრუნდი!“

ჩაბარებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა მეუბნებოდნენ: ბენდუქიძესთან აბარებ? ტვინს გადაგიტრიალებს, თავისი იდეების ქვეშ მოგაქცევსო. ვიცოდი, რომ ასე ვერ იქნებოდა, მაგრამ იმისაც მეშინოდა, რომ მსგავს რამეს სადმე გადავყროდი, ეს ხომ ჩემთვის საოცრად მიუღებელი იყო. აქ კი ყველაფერი სხვაგვარი დამხვდა, იმაზე ბევრად კარგი, ვიდრე წარმომედგინა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ განათლება იდეების სწავლება კი არა, აზროვნების სწავლა იყო და სწორედ აქ დავინახე, როგორ აფასებდნენ თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ ცხოვრებას. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად სიყვარულით მოიხსენიებდნენ მას, იხსენებდნენ მის გაკეთებულ უამრავ კარგ საქმეს, იხსენებდნენ სიყვარულით, პატივისცემითა და მოწიწებით. სულ რამდენჯერმე შევხვდი მას შემდეგ. ჩემი დამოკიდებულება უფრო და უფრო იცვლებოდა. ვხედავდი, რამდენს აკეთებდა ჩვენთვის, თითოეული სტუდენტისთვის და არა მარტო. უნივერსიტეტის კედლები სიყვარულით იყო გაჟღენთილი, მისი და ერთმანეთის სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით, თავისუფლების სიყვარულით… ნელ-ნელა უფრო და უფრო ვაცნობიერებდი მის სიდიდეს (არა მარტო ფიზიკურს) და სიდიადეს. მთელი ცხოვრება ისეთ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც განათლებას ბიზნესად აქცევდნენ აქ კი მოვხვდი ისეთ ადგილას, სადაც ბიზნესიც კი განათლებად იყო ქცეული.

იმასაც მეკითხებოდნენ: „აუ, ეგ ბენდუქიძე ცუდი კაცია, ხო?“

„ჩემი ბენდუ?” – ამ პასუხით ყველაფერი ნათქვამი იყო. 🙂

ერთხელ, დერეფანში მივდიოდი და დავინახე. გავუღიმე-გამიღიმა და გამახსენდა ჩვენი ბრძოლა და მისი გამარჯვება. საოცრად ამაყ დამარცხებულად ვგრძნობდი თავს.

ნოემბრის ეს დღეც ისევე გათენდა, როგორც სხვები. ჩვენი სახეები კი არ ჰგავდა ძველს, მაგრამ ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ერთმანეთს ვუყურებდით და არაფერს ვამბობდით, ყველაფერი ხომ ისედაც გასაგები იყო, ისევე გასაგები, როგოც მისი ის, ძველი გაღიმება.

ვკითხულობ……„გარდაიცვალა!“ და მახსენდება ის საოცრად შემაძრწუნებელი იაპონური ლექსი, ჰაიკუ, იმედგაცრუების ფეიერვერკი, სრული კრახი:

„ამ ლექსს საშენოს, გამოსათხოვარს,
აგრე ვიფიქრე, გადავაწერ-მეთქი მარაოს.
ხელში ჩამეფშვნა“.

ხელში ჩამეფშვნა უცებ ყველაფერი, თავზე ჩამომენგრა. თავდაყირა დადგა სამყარო. ისე მტკიოდა და თან ისე მიკვირდა, ნუთუ ასე ძალიან მიყვარდა, ან სულაც რატომ მიყვარდა?! მიკვირდა და მეცინებოდა, მეცინებოდა და ვტიროდი, შემდეგ ისევ მეცინებოდა და ასე დაუსრულებლად. შოკის მომგვრელი იყო.  ჩემი რეაქციის ნორმალურობის შესამოწმებლად ბებოს დავუძახე. მეორე ოთახს ალაგებდა:

– ბეე!!

– რა იყო შვილო? – ხმა ვერ ამოვიღე, ვერ ვთქვი. მივხვდი არც უნდა დამეწყო. ყელში ბურთი მეჩხირებოდა. ვინატრე, ნეტავ დაივიწყოს ჩემი დაძახებული-მეთქი, მაგრამ ბებია რის ბებიაა თუ ორ წამში შენს ოთახში არ გაჩნდა,

– რა მოხდა, შვილო?

– გაიგე?

– რა?- ისევ არ გამომდის. ჩავისუნთქე, სუნთქვა შევიკავე და ვითომ სხვათაშორის ვთქვი- აუ, გაიგე, ბენდუქიძე გარდაცვლილა. – ვთქვი და ამოვისუნთქე, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ცხოვრება უფრო დიდ სატანჯველს მიმზადებდა.

– ვინ, შვილო? ვერ გავიგე. – მიწა გამსკდომოდა მერჩივნა. კიდევ უნდა გამემეორებინა. ისევ იგივე რიტუალი:

– ჩემი ბენდუ, ბე!

და ბებიამ გულზე ხელი იტაცა და კარს ჩამოეყრდნო. ღმერთო როგორ მეწყინაო, წლებისგან გაჩენილი ღარები სევდით ამოევსო, ერთი ეგ ყავდა ახალგაზრდობას, რომ პატრონობდა, განათლებას ყურადღებას, აქცევდა, რაღა გეშველებათო, ამოიხვნეშა და ნელი ნაბიჯით ოთახიდან გავიდა. სევდიანად ჩავიღიმე. მესიამოვნა, რომ თურმე მის ამაგს ისინიც ხედავდნენ, ვისაც დიდად არ მოსწონდა მისი პიროვნება. მიხაროდა, რომ საქართველო გრძნობდა ქვეყნის დანაკლისს. ათასი რამ დაიწერა, ათასი რამ ითქვა, არ მთავრდებოდა მადლობის მთქმელი, სისხლსმოწყურებული, მეგობარი, ახლობელი. იხსენებდნენ და იხსენებენ დაუსრულებლად.

1505141_10152881045307700_7384735512050167754_n

ნოემბრის ეს დღეც ისევე გათენდა, როგორც სხვები. ჩვენი სახეები კი არ ჰგავდა ძველს, მაგრამ ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ერთმანეთს ვუყურებდით და არაფერს ვამბობდით, ყველაფერი ისედაც, ისევე გასაგები იყო, როგორც მისი ერთი გაღიმება. გათენდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, დასრულდა კიდევ ერთი დიდი ამბავი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, მაშინ, როცა ჩემში, თქვენში, ყველაში დავინახე ეს დიდი სიყვარული, ძალა, ნაპერწკალი, რომ კი არ დასრულდა, სწორედ ახლა იწყება ბრძოლა, ბრძოლა გადარჩენისთვის, საქართველოს, ახალგაზრდობის, თავისუფლების გადარჩენისთვის. ჩვენი იარაღი ჩვენი განათლებაა, ჩვენი იარაღი ჩვენი საქმის სიყვარულია, იმ იდეის სიყვარულია, რომლსაც ჩვენ თანამედროვე ახალგაზრდობა, ბენდუს ახალგაზრდობა ვემსახურებით. და სწორედ ახლა მახსენდება ვენდეტას მთავარი იდეა:

“Behind this mask there is more than just flesh. Beneath this mask there is an idea… and ideas are bulletproof.”91c8725a116f04a3b85e72df44e8d6d4_300_0

ერთხელ დედაჩემი მყავდა უნივერსიტეტში მოყვანილი. მან შემოსვლისთანავე მითხრა: „გასაოცარია, მარიამ, თითქოს აქაურობა ცოცხალი ორგანიზმია, ყველაფერს ეტყობა, რომ აქ ახალგაზრდები სწავლობენ“ და სწორედაც, რომ ეს უნივერსიტეტი არ არის უბრალოდ შენობა, აგურების გროვა, ეს არის იდეა, რომელიც ტყვიაგამძლეა, რომელსაც ჩვენ სტუდენტები ყველაფრის ფასად დავიცავთ. ის ორგანიზმია, რომელიც სუნთქავს, ცოცხლობს და ჩვენივე გულივით რიტმულად ცემს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პატრონის გული რამდენიმე საათია გაჩერდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჰოგვორტსმა სნეიპისა და დამბლდორის გარეშე გაიმარჯვა, დამბლდორის რაზმმა.

ბენდუს უთქვამს თურმე, ჩემი ოცნება თეთრ ხალათში „მოფუსფუსე“ ბავშვების ყურებააო.

გამარჯობა! მე მარიამი ვარ. ერთი ჩვეულებრივი, პატარა სტუდენტი, თეთრ ხალათში მოფუსფუსე ბიოლოგი და მე არ მეშინია, რადგან ჩვენს ბენდუსთან ერთად წამოწყებულ საქმეს სულ მარტოდაც რომ მოგვიწიოს, ბოლომდე მივიყვანთ!

დიდი მადლობა ჩვენს ბენდუს

დიდი მადლობა თქვენ

მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ

პატივისცემით,

მარიამ ფუტკარაძე

წყარო: https://agpatu.wordpress.com/

Advertisements

One thought on “ობლად დარჩენილი შვილები – ჩვენ და ბენდუ

    maia said:
    18.11.2014, 20:09

    მარიამ,ბავშვებო, მე ვტირი თქვენთან ერთად … იცით, აღმოვაჩინე რომ თურმე მიყვარს ბენდუ და ძალიან მეცოდება ჩვენი თავიც, ჩვენი ახალგაზრდებიც და ჩვენი ქვეყანაც მის გარეშე.,მას ჩემი შვილის მონაყოლით ვიცნობდი, თაკოს ძალიან უყვარდა ბ-ნი კახა ,დიდ პატივს სცემდა . მისი გარდაცვალების ამბავი რომ შეიტყო ვერ გავაჩერეთ ,იმდენი იტირა. ეხლა ვიცი რომ იგი არც შედის თავის ფეისბუკის გვერდზე, არ უნდა რომ ეს სიმართლე დაიჯეროს ,ალბათ უნდა ,რომ ბენდუ ახსოვდეს ისეთი როგორიც ახსოვს . ძალიან ძალიან დიდი ადამიანი დაკარგა ახალგაზრდა და “ძველგაზრდა” თაობამ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s