კახა ბენდუქიძე

Posted on Updated on

10697291_10204463638646905_6947007928378805279_o

ამ ყველაფერს არ დავწერდი და არ მოვყვებოდი არასოდეს, არანაირი ფორმით და არანაირ ვითარებაში, რადგან ჩვენი ურთიერთობა ძალიან პირად საკითხად მიმაჩნდა, რომ არა ეს ტრაგიკული ამბავი, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოხდებოდა.

ბატონი კახა გარდაიცვალა…

პირველად კახა ბენდუქიძე 2012 წლის 25 თებერვალს ვნახე ბლოგერების შეკრებაზე განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში.

ამ შეხვედრიდან ორი თვის შემდეგ დათო გორგილაძემ თავისუფალი უნივერსიტეტიდან მომწერა და  მკითხა მე ვიყავი თუ არა ის ფორთოხლის გოგონა კლასიკურ ფილოლოგიაზე რომ სწავლობდა. დადასტურების შემდეგ მითხრა, რომ კახა ბენდუქიძეს რაღაც შემოთავაზება ჰქონდა ჩემთვის და სურვილი ხომ არ მექნებოდა შეხვედრაზე მივსულიყავი. ამ მონაწერით იმდენად დაბნეული ვიყავი, ორი საათი შოკიდან გამოსვლას მოვუნდი, მერე კი, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე დავთანხმდი.

თუ სწორად მახსოვს, 22 მარტს სტუდენტურ ბარათზე ჩარიცხული უკანასკნელი თეთრებით ძლივს მივაღწიე თავისუფალ უნივერსიტეტამდე და აბსოლუტურად დაბნეულმა გავიარე გასაუბრება. იქ გავიგე, რომ კახა ბენდუქიძე ეძებს თანაშემწეს და აქვს სურვილი, რომ მე ვიმუშაო ამ თანამდებობაზე. ძალიან იმედგაცრუებული და შერცხვენილი წამოვედი, მეგონა, რომ შეხვედრაზე საოცრად სასაცილოდ წარმოვაჩინე საკუთარი თავი და არავინ არასდროს არ დამიკავშირდებოდა ამ საკითხზე.

მეორე დღეს დათომ დამირეკა და მითხრა, რომ გასაუბრება წარმატებით გავიარე და სამსახურში აყვანილი ვარ.

ამ დღის შემდეგ დაიწყო ჩემი და ბატონი კახას ურთიერთობა. მე მევალებოდა მისი შეხვედრების განრიგის შედგენა, ოფიციალური საბუთების გამზადება, წერილები, ვიზები და ა.შ. ჩვენ ვმუშაობდით თითქმის 24-საათიან რეჟიმში. ბატონი კახა ყოველ დღეს, კვირის ჩთვლით, უნივერსიტეტში ატარებდა და თანამშრომლებთან ერთად გეგმავდა რა შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო საუნივერსიტეტო სასწავლო გარემოში. ის დეტალურად იცნობდა ყველა სკოლას, ყველა მიმართულებას, ყველა დეკანს, ლექტორს და სტუდენტს. დღისით ერთ კაბინეტში ვმუშაობდით, ღამით მეილებზე. იყო დღეები, როდესაც საჭმელს არ ვჭამდი, განუწყვეტელ რეჟიში ვნერვიულობდი. იყო ბევრი ჩხუბი და ბევრი ტირილი.

ერთხელ დამიძახა და ბოდიში მომიხადა იმის გამო, რომ უსამართლოდ მეჩხუბა. მაშინ მივხვდი არანაირ სიბოროტესა და ღვარძლთან კავშირში არ იყო მისი ჩხუბი, როგორც ამას თვითონ აღნიშნავდა. ბოდიშის მოხდის ფაქტი მეორედაც განმეორდა, თანაც ბევრი ადამიანის წინაშე, რამაც ათასჯერ მეტი პატივიცსემის განცდა გამიჩინა მის მიმართ, ვიდრე იქამდე მქონდა.

10167927_10152499797547076_770562939140671459_n

ხშირად გვილაპარაკია იმაზე, თუ რა მიყვარს ცხოვრებაში, რა გავლენა მოახდინა ჩემზე პროფესიამ, რამდენად მომწონს ის, თუ რას ვაკეთებ, რაზე ვფიქრობ და ა.შ. რამდენჯერმე მკითხა რაზე ვოცნებობდი, არასოდეს გამიცია ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ოცნება არ მქონია. ეს ძალიან უკვირდა. მერე ცდილობდა გამოერკვია, რა წარმოდგენები მქონდა საკუთარ მომავალზე, ამაზეც ვერასდროს ვცემდი პასუხს, რადგან არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი რა მინდოდა.

ერთხელ შენიშვნა მომცა, საქმეზე ვერ კონცენტრირდებითო. მკითხა, რაზე ფიქრობთ როდესაც სამსახურში ხართო, მე სრულიად გულწრფელად ვუპასუხე, რომ ანტიკური პერიოდის ლიტერატურაზე, ფილოსოფიასა და ფილოსოფოსებზე, სოკრატეზე, პლატონის იდეებზე, არისტოტელეზე, ნეოპლატონიკოსებზე; ესქილესა, სოფოკლეს და ევრიპიდეს ტრაგედიებზე  ვფიქრობ ხოლმე ხშირად და მაინტერესებს მართლა როგორი იქნებოდა სამყარო თუკი მათ იდეებს დაეფუძნებოდა. ამ პასუხს არ მოელოდა და გაეცინა. მაშინ ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ, ჩემს შეხედულებებზე სახელმწიფოსთან დაკავშირებით და ა.შ. ამ ამბის შემდეგ ყოველთვის წამომაძახებდა ხოლმე: ნათია, თქვენ კვლავ ფილოსოფიური ფიქრებით ხართ შეპყრობილი? ხშირად იცინოდა, სტუმრებს ანიშნებდა ხოლმე, ჩემი თანაშემწე პლატონის იდეებზე ფიქრობს! : )

მუშაობის დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ შევამჩნიე, რომ ძალიან განიცდიდა, თუ ვინმეს ეჩხუბებოდა ან შენიშვნას აძლევდა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მორიგი ჩხუბის შემდეგ ჩემთან გამოსულა და ტკბილეული უჩუქებია, თან მამშვიდებდა და მეხუმრებოდა ხოლმე.

ისიც მერე შევამჩნიე, რომ არასოდეს ჩხუბობდა უსამართლოდ (სხვა შემთხვევაში, ყოველთვის ბოდიშს იხდიდა მერე). საშინლად არ უყვარდა უსაქმური, მატყუარა, მლიქვნელი ადამიანები და ყოველთვის ეს იყო მისი სიბრაზის განმაპირობებელი. ბატონი კახასთვის გაუგებარი იყო, რატომ არ ასრულებდი მოცემულ დავალებას მოცემული დროის მონაკვეთში. მისთვის არ არსებობდა ბევრი საქმე, ვინც საქმეს ვერ აკეთებდა, თვლიდა, რომ იმ ადამიანს ან ეზარებოდა ან დროის მენეჯმენტის უნარი არ ჰქონდა. ბატონი კახასთვის გაუგებარი იყო, როდესაც სათქმელს გრძლად და გაფორმებებით ყვებოდნენ, ამ დროს მუდამ იმის მცდელობა ჰქონდა, რომ კონკრეტულ კითხვებზე მიეღო კონკრეტული პასუხები და არა გრძელი ზღაპარი იმ დასასრულით, თუ რატომ ვერ/არ გაკეთდა ესა თუ ის საქმე.

ყოველთვის ვნერვიულობდი, როდესაც ჟურნალისტებთან ვუნიშნავდი შეხვედრებს, რადგან ვიცოდი, ერთი არასწორი კითხვა და ბატონი კახასა და ამ ჟურნალისტის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბებოდა.

ბატონ კახას ლოგიკური აზროვნების ქონის პროებლემა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად მიაჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად საინტერესო ამოცანებს ვხსნიდით. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ბატონი კახა თვლიდა, რომ მე რაღაც არასწორად გავაკეთე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენი საუბარი ორ საათს გაგრძელებულა და ამ პოლემიკის ,,გამარჯვებული” ხან ბატონი კახა იყო, ხან მე.

კახა ბენდუქიძის შეხვედრების მრავალსაათიან განრიგში ყველაზე საყვარელი და ძვირფასი სტუდენტებთან გატარებული დრო იყო, რადგან მას ყველაზე მეტად თავისი სტუდენტები უყვარდა და მათთან შეხვედრის მერე მუდამ დადებითი ენერგიით სავსე აგრძელებდა დღეს. თქვენ უკვე ვეღარასდროს ნახავთ მის მოციმციმე თვალებს, როდესაც სტუდენტებს ხვდებოდა, მე კიდევ ხშირად მინახავს და ზუსტად ვიცი, რომ მისი ცხოვრების ბედნიერი საათები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობას უკავშირდება.

576835_4999211829816_892542298_n

ჩემი თანაშემწეობის დროს ერთი საინტერესო ხაზი გასდევდა ჩვენს ურთიერთობას: ყველა ახალი სტუმრის მოსვლის, შეხვედრის დროს, მეძახდა და თავის სტუმარს ჩემზე უყვებოდა: იცით, ჩემმა თანაშემწემ ძველი ბერძნული და ლათინური იცის. მათ ძალიან უკვირდათ და გაოცებას გამოხატავდნენ ხოლმე. ამ დროს ისე მრცხვენოდა, რომ ეს ბუმბერაზი ადამიანი რატომღაც ჩემით ამაყობდა, მინდოდა იმაზე ათასჯერ ჭკვიანი ვყოფილიყავი, ვიდრე ვიყავი. სულ მქონდა იმის განცდა, რომ მას იმაზე გაცილებით უკეთესი ვეგონე, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. ჩემი პროფესია ხანდახან მძიმე ტვირთი იყო ჩემთვის, რადგან სწორედ ამ მიზეზით  ამიყვანა სამსახურში ბატონმა კახამ და არ მინდოდა მისთვის იმედი გამეცრუებინა თუკი კონკრეტულ საკითხში უცოდინრობას გამოვავლენდი.

ბატონ კახას ძალიან მოსწონდა, როდესაც მაქებდნენ, რამდენჯერაც მის კაბინეტში შევედი და ჩემზე ეუბნებოდნენ, რომ კარგი გოგო ვარ, ჩუმად ეღიმებოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ამაყობდა თავისი არჩევანით, როდესაც თანაშემწედ დამნიშნა.

მას ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ მე შემეძლო მესწავლა გაცილებით მეტი და განვვითარებულიყავი. ის უდიდესი გამოცდილება, რაც მასთან ერთად მუშაობის დროს შევიძინე, შეუფასებელია. შეუფასებელია იმიტომ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გადავაჭარბე. გავუძელი იმდენ რამეს, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ გავუძლებდი და ახლა ბედნიერი ვარ. იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ გავუძელი იმ რთულ პერიოდებს, როცა მიფიქრია სამსახურიდან წასვლა. არ წავედი და დავრჩი. ალბათ ვერასდროს ვაპატიებდი საკუთარ თავს აქედან რომ წავსულიყავი.

მას მოსწონდა იმის ყურება, როგორ სწავლობდნენ და ვითარდებოდნენ მისი თანამშრომლები. მე ვარ მომსწრე უამრავი საინტერესო შეხვედრის და იმ ადამიანების ცვლილებების, რომლებსაც ხშირი შეხება ჰქონდათ ბატონ კახასთან.

ხანდახან, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, თავისი კაბინეტიდან რომ გამოდიოდა ჩემს მაგიდასთან მოდიოდა და მეკითხებოდა როგორ ვარ. ან გამოდიდოდა, მიღიმოდა და წასვლის წინ ღიმილით მეუბნებოდა: წადით, ნათია, დაისვენეთ . ერთხელ შეამჩნია, რომ წიგნები მედო სამუშაო მაგიდაზე. მკითხა: ნათია, თქვენ რა წიგნებს კითხულობთ სამსახურში? დავუდასტურე. შენიშვნა მომცა, წიგნები აღარ იყოს თქვენ მაგიდაზეაო. მეორე დღეს დამელაპარაკა, მითხრა, რომ წიგნების წაკითხვა ხელს შემიშლიდა ამ კონკრეტული სამუშაოს შესრულებაში და სჯობდა კონცენტრირება სხვა საკითხებზე მომეხდინა. ის საქმე რასაც მე ვაკეთებდი, არ იყო შინაარსობლივად საინტერესო, მაგრამ დეტალებზე კონცენტრირებას და მხოლოს საქმეზე ფიქრს მოითხოვდა.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ იყო, რომ მან გადაწყვიტა მე სხვა რაღაც, ჩემთვის და უნივერსიტეტისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანი მეკეთებინა და გადავსულიყავი უნივერსიტეტის მთავარ გუნდში.

როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, მასთან ფოტო არ მაქვს გადაღებული, რატომღაც არასოდეს მომსვლია თავში აზრად ეს და ამის გამო ახლა ძალიან მწყდება გული.

გუშინწინ მეილის მიწერას ვაპირებდი მისთვის. ჩვენ სკოლებში ბატონი კახას ხელმოწერით წერილებს ვგზვანით ხოლმე და მადლობას ვუხდით დირექტორებს მათი მოსწავლეების კარგად აღზრდისთვის. ბევრმა სკოლამ დაგვირეკა, რათა ამ წერილებისთვის მადლობა ეთქვა, სკოლებში პრეზენტაციების დროს საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ მათ კახა ბენდუქიძემ წერილი გაუგზევნა და ამის გამო ძალიან გახარებულები არიან. მინდოდა ეს ამბავი მიმეწერა, ვიცოდი, ძალიან გაუხარდებოდა. მეილის ტექსტი ავკრიფე და შევინახე, ვიფიქრე, მეორე დღის პრეზენტაციების შედეგებსაც შევკრებ და ხვალ მივწერ-მეთქი…. და ხვალ მოხდა ეს. ალბათ მთელი ცხოვრება ვინანებ, რომ არ მივწერე…

მინდა ყველამ იცოდეს, ვისაც კი ოდესმე ჩაუთვლია, რომ მე კოლოსალურ თანხებს ვიღებ სამსახურში და ახლა ლოყებს ვიხოკავ თურმე, რადგან დამფინანსებელი დავკარგე. ყველა შემთხვევაში ყოველთვის ვიცავდი და დავიცავ ამ უნივერსიტეტს, რადგან უკვე რამდენიმე წელია ვარ იმ გუნდის ნაწილი, რომელთან ერთადაც ვაკეთებ ძალიან დიდ საქმეს და ყოველ გაქილიკებაზე, როდესაც ჩემი სამსახური დაკავშირებული იყო ბევრ ფულთან, მახსენდება ჩვენი გათენებული ღამეები იმისთვის, რომ ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლობს ჩვენთან, შესაბამისი ხარისხის განათლებას იღებდეს შესაბამის გარემოში.

მე ვმუშაობდი და ვმუშაობ იმ გუნდთან ერთად, რომელიც მზად არის ჩვენი უნივერსიტეტის იდეის გამო თავი გაწიროს, ღამეები გაათენოს, გააკეთოს ყველაფერი რაც საერთოდ არ შედის მის მოვალეობაში. როგორ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე ვამაყობ, რომ ამ გენიალური თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდის წევრი ვარ. შემიძლია სათითაოდ ჩამოვთვალო თითოეული მათგანი. ჩვენი გუნდის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ბატონ კახას ჰქონდა კარგი თანამშრომლების შერჩევის არაჩვეულებრივი უნარი და იმის განსაზღვრის უნარი, როგორ შევძლებდით ჩვენ ერთად მუშაობას.

კახა ბენდუქიძე იყო ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. არ არსებობდა საკითხი, რომელშიც ის არ ერკვეოდა. ბატონ კახას ჰქონდა მომავლის განსაზღვრის ძალიან კარგი უნარიც. ყველაფერი რაც კი უთქვამს თუ რა მოხდებოდა ქვეყანაში, ზუსტად ახდენილა და ახლაც ხდება.

ალბათ შეამჩნევდით, რომ მას ყველგან ბატონი კახათი ვიხსენიებ. სხვაგვარად არ შემიძლია. თავად ბატონი კახა აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს თქვენობით მიმართავდა, მაშინაც კი, როცა ძალიან გაბრაზებული იყო.

ხანდახან მეცოდებოდა. მეცოდებოდა იმიტომ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი როდესაც სახლში მიდიოდა და მარტო აღმოჩნდებოდა, სევდიანდებოდა. ალბათ ამიტომ ვატარებდით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დღეებსაც კი სამსახურში. მაგ. ახალ წელს. 31 დეკემბერს 11:30-მდე ჰქონდა შეხვედრები. მას ახალი წელი არ ადარდებდა, მე ხომ ორგანულად ვერ ვიტან დღესასწაულებს და ასე მშვიდად ვმუშაობდით ამ დღეს.

2012 წლის 31 დეკემბერს ბოლო შეხვედრა რომ დამთავრდა, მკითხა: ნათია, თქვენ არ აღნიშნავთ ახალ წელს? ღიმილით ვუპასუხე, რომ ახალ წელს ვერ ვიტან. გაეღიმა და ვიგრძენი გაუხარდა.

ერთხელ დამიძახა და მკითხა: ნათია, როგორ ფიქრობთ, მე რომ ორი თანაშემწე მყავდეს, ისინი უკეთ იმუშავებდნენ თუ ერთი რომ მყავსო? ვუპასუხე, რა თქმა უნდა, ერთი თანაშემწე უკეთ იმუშავებს-მეთქი. ღიმილით მიპასუხა: სწორია, ახლა გადით და იმუშავეთო.

დეტალებში ჩაკირკიტება უყვარდა ძალიან. ერთხელ მკითხა რაზე ფიქრობთ იმ ხუთ წამში, როდესაც მე გეძახით და აქ შემოდიხართო? ვუთხარი, რომ ალბათ იმ ხუთ წამში არაფერს არ ვფიქრობ-მეთქი. მითხრა: ძალიან ცუდი, ეს ხუთი წამი რომ გეფიქრათ აქ შემოსვლის დროს ხელში კალამი და ბლოკნოტი უნდა გეჭიროთ, მათი შემოტანა არ გამოგრჩებოდათ, ამიტომ სულსწრაფობას ნუ იჩენთ, ორი წამით გვიან შემოდით, ოღონდ მომზადებული.

ხანდახან რაღაც ისტორიას მოგაყოლებდა, მერე კი კითხვების დასმით, შენ თავად გაპოვნინდებდა რამდენი სისულელე თქვი და ასე ნელ-ნელა იზრდებოდი კამათით, მსჯელობით, ჩხუბით, კითხვების დასმით.

ერთხელ სადღაც იყო წასული და რომ ჩამოვიდა საჩუქრად ჩანთა ჩამომიტანა. ერთხელ მკითხა ჩემს მეილს რატომ არ უპასუხეთო, ვუთხარი, სმარტფონი არ მაქვს და ლეპტოპთან არ ვიყავი-მეთქი. ამის მერე სმარტფონი მაჩუქა. ერთხელ სახლის ყიდვაზე დავფიქრდი და წინასწარ შესატანი ფული არ მქონდა. მან ფული მომცა.

ჩემთვის სამი სამაგალითო ადამიანი არსებობს ცხოვრებაში, ერთ-ერთი მათგანი კახა ბენდუქიძეა. ადამიანი, რომელთან ურთიერთობის დროსაც ვისწავლე როგორ მემუშავა რთულ სიტუაციებში, შემყვარებოდა შრომა და ორიენტირებული ვყოფილიყავი განვითარებაზე. ბატონ კახასთან მუშაობის დაწყებამდე ვფიქრობდი ლოგიკურად, ვმსჯელობდი არგუმენტირებულად და შემეძლო მოვლენების ანალიზი. თუმცა მხოლოდ აქ მუშაობის მერე მივხვდი, რამდენად აუცილებელია გქონდეს თითოეული მათგანი. რომ ეს უბრალოდ კონკრეტული ადამიანის უნარები კი არ არის, არამედ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების არსებობისთვის.

ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი თანამშრომლის, ლილე ჩხეტიანის სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით. სწორედ ამ ამბავს მიუძღვნა ბატონმა კახამ თავისი ბოლო სტატუსი ფბ-ზე. მეც მინდა ბლოგზე დავდო ეს ამბავი და ლილეს დახმარებსიკენ მოგიწოდოთ.

IMG_1995

ლილე ჩემი თანაშრომელია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უკვე სამი წელია პრობლემები აქვს, მუდამ ცდილობს მხნედ გამოიყურებოდეს და ოპტიმიზმით გვავსებს ჩვენც. მეტი ხალისიანიანი რა შეგვიძლია გავაკეთოთ მისთვის, რომ ჩვენც გავიღიმოთ და საპასუხოთ იმედი მივცეთ იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თანაც აუცილებლად, რადგან ერთობლივი ძალებით ჩვენ მის გადარჩენას შევძლებთ.

1. თქვენც გაუღიმეთ ლილეს და გააღიმეთ სხვებიც
2.გადაურიცხეთ თანხა პირად ანგარიშზე:

სს “საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE11BG0000000304551900
მიმღები: ლილე ჩხეტიანი

3. ჩარიცხეთ თანხა wehelp.ge-ს მეშვეობით:http://wehelp.ge/view/content.php?id=61

ბოლოს მინდა შემოგთავზოთ პატარა ამონარიდები ჩემი ჩანაწერებიდან, რომლებსაც კახას თანაშემწეობის დროს თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებდი ხოლმე:

,,2012 წლის 6 აპრილი

დღეს მეჩხუბა, ძალიან მეჩხუბა, ისე, როგორც აქამდე არასდროს უჩხუბია… ხომ ვიცოდი, რომ მომიწევდა მსგავსი საუბრების გადატანა, მაგრამ მაინც ძალიან იმოქმედა, ვიტირე, ავდექი და ვიბღავლე, დებილი გოგოსავოთ და ამის გამო მძულს ჩემი თავი, ცუდი იყო… მერე რომ შემატყო ვიტირე, მოლბა. იტირეთ? – მკითხა რბილად, ნუ ნერვიულობთ არაფერი მომხდარა და გამიღიმა. მერე ქვემოთ რომ მიდიდოდა შეხვედრაზე გაიცინა და კვლავ მკითხა: ისევ ტირიხართ? მერე მე ვუთხარი, რომ უბრალოდ ცუდად ვარ და სიცხე მაქვს, თუ სიცხე გაქვთ, მაშინ რატომ დადიხართ სამსახურში, გადავდოთ შეხვედრებიო – მითხრა…”

,,2012 წლის 12 აპრილი

არა რა, კახა გენიალური პიროვნებაა, ხანდახან ისე მექცევა, როგორც აღმატებულ და ჭკვიან ადამიანს, უნდა, რომ მომავალი უზრუნველყოფილი მქონდეს, უნდა, რომ ცხოვრება ავიწყო, ხელს მიწყობს პროფესიულ და პიროვნულ გავნითარებაში…”

,,2012 წლის 3 მაისი

ნელ–ნელა ვხვდები რა უნდა და ვსწავლობ მისი ნათქვამის სწორად გაგებას. ჩემებური მიდგომაც გამოვიმუშავე, უფრო სწორად ახლა ვაყალიბებ ნელ–ნელა, თუ როგორ უნდა ვიმუშაო მასთან. ეს ისეთი მეთოდია, რომელიც შეუძლებელია სხვას ასწავლო და მხოლოდ ინდივიდუალურ მიდგომაზე და გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ყველას მუშაობის საკუთარი მეთოდი აქვს. მე ახლა ვხვდები როგორი მქონია და როგორი აქვს ბატონ კახას. არ ვიცი რამდენად მისაღებია ჩემი მეთოდი მისთვის, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ, მინდა რომ ჩემი მუშაობით კმაყოფილი იყოს, ძალიან მინდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.”

,,2012 წლის 8 მაისი

ჩემი საქმიანობა, ძირითადად, იმას მოითხოვს, რომ ვიყო ოპერატიული. არ შეიძლება ყველაზე ვითომ უმნიშვნელო დეტალის სახვალიოდ გადადებაც კი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია დღეს, აუცილებლად დღეს უნდა გააკეთო! რომ კვდებოდე დაღლილობისგან, გული მიგდიოდეს, საშინლად გეძინდებოდეს, მაინც დღეს უნდა გააკეთო, ჯობია ზედმეტი 5 წუთით შეწუხდე, ვიდრე ხვალ ერთი საათი მოანდომო გადადებულ საქმეს.”

,,2012 წლის 26 მაისი

ძალიან კარგად შევეწყვე გარემოს, აქ არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ, მაგრამ რამდენად კარგად ვახერხებ თავად მე მუშაობას, არ ვიცი. ხანდახან ძალიან ვნერვიულობ, იმდენად რთული მგონია გარკვეული ნიუანსების გათვალისწინება.

აქედან შეიძლება მალე წავიდე, მაგრამ იმდენად სერიოზული გამოცდილება შევიძინე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სადაც არ უნდა მოვხვდე, მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება საქმე კარგად გავაკეთო.

ხანდახან ფიქრიც მიშლის ხელს, ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ზედმეტი ფიქრი და, ჩემი მხრიდან, კახას ნათქვამის მუდმივი ინტერპრეტაციის მცდელობა, საქმეს მხოლოდ აფუჭებს.

მთავარია, ემოციებს ვძლიო, მთავარია, ვირწმუნო, რომ მე ბევრი რამ შემიძლია!..”

,,2012 წლის 2 ოქტომბერი

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვთვლი, რომ ეს სწორედ ისეთი სამსახურია, რომელიც მე შემესაბამება. ხშირია სტრესული, გამოუვალი სიტუაციები, დაძაბული ვითარება, არეული სამუშაო გრაფიკი, მე ხომ მიყვარს არეულობა ყველგან და ყველაფერში. როცა მგონია, რომ ძალიან დავიღალე და მეტი აღარ შემიძლია, საკმარისია, ერთი ამოვისუნთქო და უვე ვხვდები, როგორ მომწონს და მიხარია რაღაცას რომ ვძლევ, ვლახავ. როცა კახა საზღვარგარეთ მიდის, თავიდან ძალიან მიხარია, მაგრამ წასვლის მერე ვხვდები, რომ რაღაც მაკლია, რომ მეტისმეტად ბევრი დრო მაქვს და ასე არ შეიძლება. კალაპოტიდან ვვარდები და მიჭირს ჩვეულ ფორმაში ჩადგომა, მით უმეტეს მაშინ თუ ვიზიტი დიდხანს გრძელდება.

როდესაც კარგად ვმუშაობ, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ეს კმაყოფილება გადავლახო და მაქსიმალურად უარყოფითი მხრიდან შევხედო ყველაფერს. მგონია, რომ ასეთი მიდგომა უფრო დამეხმარება სამუშაოს უკეთ შესრულებაში. ყოველთვის ვცდილობ უგულოდ და დაუფიქრებლად არაფერი გავაკეთო, თორემ ეს აუცილებლად აისახება ჩემს სამსახურზე. აქ მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი, თითოეული ნაბიჯი, პაწაწინა გადახვევა და ა.შ. მეშინია რამე სერიოზული შეცდომა არ დავუშვა, რამე ისე არ გავაკეთო.

სულ იმას ვამბობ, რომ არ მაქვს წუწუნის უფლება, აქ მუშაობა უდიდესი გამოცდილებაა ჩემთვის, ცხოვრებაში წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ამის ასე ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ეს დაუშვებელია, წარმოუდგენელია და მე ამას არასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს, არასდროს!

მე ბედნიერი ვარ, უბრალოდ, ამ ბედნიერებას შენარჩუნება სჭირდება და, რაც მთავარია, დაფასება. არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, მთავარია, ჯანსაღად ვიაზროვნოთ და მშვიდად მივუდგეთ ყველაფერს და აუცილებლად უნდა გვიყვარდეს, რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად!”

,,2012 წლის 5 ნოემბერი

ხანდახან ძალიან მეშინია, იცით რატომ? ძალიან კეთილ და კარგ ადამიანებს ცხოვრება არ აძლევთ შანსს იყვნენ ბედნიერები, მე კიდე, რომელიც არაფერს ვიმსახურებ, ასეთ კარგ მდგომარეობაში ვარ. იქნეს, ეს დროებითი მდგომარეობაა, რომელსაც მალე ცუდი ყოფა ჩაანაცვლებს?

მივხვდი, რომ მართლა ვიკიდებ ფეხებზე რაღაცებს, როგორც ბატონი კახა მეუბნება ხოლმე. ის, რისი გაკეთებაც დღეს შემიძლია, ხვალისთვის გადავდებ ხოლმე და ხანდახან ერთი სული მაქვს სამუშაო დღე დასრულდეს, რის გამოც მნიშვნელოვანი დეტალები მავიწყდება, ეს კი ძალიან, ძალიან ცუდია. უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით…

შაბათს საინტერესო დღე გვქონდა, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების განახლებული ინფრასტრუქტურის წარდგენა აგრარულში. ხვალ კი კულინარიის აკადემიის გახსნაა. ვნახოთ, რა იქნება.

მიყვარს ჩემი სამსახური და თავისუფალი უნივერსიტეტი, მინდა, რომ მდგომარეობა არ შეიცვალოსდა ის ყოველთვის დარჩეს ყველაზე კარგ უნივერსიტეტად საქართველოში, მინდა საუკეთესო სტუდენტები და პროფესორები ჩვენ გვყავდეს, სწავლისა და კვლევის თანამედროვე მეთოდებს ვნერგავდეთ და ა.შ.”

,,2012 წლის 20 ნოემბერი:

ძალიან მალე დადგება დრო, როცა მე აქ აღარ ვიმუშავებ და წინასწარ ვიცი, რომ უკიდეგანოდ დამწყდება გული, როცა გამახსენდება ეს სამსახური. აქ ყოფნას ძალიან ბევრი რამ მომცა, ჯანდაბას, რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ მინერვიულია და რამდენჯერ მიტირია, მთავარია, რომ აქ ბევრ რამეს ვსწავლობ და ურთიერთობა მაქვს საინტერესო ადამიანებთან. გავა დრო, არ ვიცი, რამდენი ხანი, ან, საერთოდაც, რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში, წარმოდგენა არ მაქვს, ვიმუშავებ თუ არა სადმე კარგ სამსახურში, გავაგრძელებ სწავლას თუ არა, მაგრამ რა სიტუაციაშიც არ უნდა ვიყო, ჩემი პირველი სამსახური ყოველთვის სევდანარევი მოგონებებით გამახსენდება…

როგორ მინდა, რომ უკეთესი ვიყო, როგორ მინდა, ვიყო კრეატიული და ჩემი თავი ყველანაირი ფორმით დავხარჯო აქ, ყველა შესაძლებლობა გამოვავლინო… მხოლოდ კარგი მინდა აქაურობისთვის, რადგან ეს მართლა ის ადგილია, სადაც სტუდენტები იღებენ ხარისხიან განათლებას და ეს უნივერსიტეტი არსებობს სწორედ მათთვის და არანაირი სხვა მიზანი, გარდა განათლებული და პერსპექტიული თაობის აღზრდისა, მას არ გააჩნია…

მე მიყვარს ჩემი სამსახური, მიყვარს თავისუფალი უნივერსიტეტი, მიყვარს აქ მომუშავე ადამიანები, მომწონს ის სულისკვეთება, რითაც განმსჭვალულია აქ თითოეული ადამიანი…

ხვალ პირველი პრეზენტაციები იქნება სკოლებში, ქვემოთ უკვე მერამდენე ღამეს ატარებენ ჩვენი თანამშრომლები და ემზადებიან ხვალინდელი დღისთვის…”

,,2012 წლის 14 აპრილი

კახამ გადაწყვიტა, რომ სხვა რაღაც ვაკეთო სამსახურში და ახალი თანაშემწე მოძებნოს. ვაღიარებ, რომ სწორედ ეს მინდოდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი, ლამის ვიტირე :შ ჩემი კაბინეტი, ჩემი მაგიდა, ჩემი სკამი, კარადა, კომპიუტერი და ა.შ.  ახლაც განვიცდი და ვნერვიულობ, რა იქნება ნეტა? იდეაში, სწორედ ის უნდა ვაკეთო, რაც მინდოდა, რომ მეკეთებინა, მაგრამ ეტყობა მსგავს ცვლილებებს ადვილად ვერ ვეგუები. ჰოდა, ეს კახას თანაშემწედ ყოფნის ბოლო ჩანაწერია, ალბათ. მინდა შევაჯამოსავით, ასე ვთქვათ:

აქ მუშაობა დავიწყე 2012 წლის 25 მარტს, ვიმუშავე ერთი წელი და ერთი თვე. მაგრამ ასე მგონია, რომ გაცილებით დიდი ხანია რაც აქ ვმუშაობ. ეს სამსახური გახდა ჩემი ცხოვრების სრულიად განსხვავებული ეტაპის დასაწყისი. დასრულდა უმუშევრობის საშინელი დრო და მე გამიჩნდა საკუთარი შემოსავალი და კარიერული წინსვლისა და განვითარების დიდი პერსპექტივა. დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მე ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ, რომ ჩემი პირველი სამსახური კახა ბენდუქის თანაშემწის თანამდებობა იყო. ვინც თავიდან ბოლომდე წაიკითხავს ამ ჩანაწერს, ეცოდინება, თუ როგორი დღეები მაქვს გამოვლილი. იყო პერიოდები, როდესაც ძალიან ბევრს ვტიროდი, ვგრძნობდი, რომ მეტი აღარ შემეძლო, მაგრამ აქ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მამხნევებდნენ და მდგომარეობიდან გამოვდიოდი. ყოველთვის მეხმარებოდაიმის გაცნობიერება, რომ საკუთარ თავზე მაღლა უნდ ადავმდგარიყავი და ყველაფერი გამოდიოდა და მე ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ძალიან ბევრჯერ მოვახერხე შეუძლებელი და დავრწმუნდი, რომ გაცილებით მეტის უნარი და შესაძლებლობა მქონია, ვიდრე წარმოვიდგენდი.

მუდამ მემახსოვრება როგორ ზრუნავდა ბატონი კახა ჩემზე. ყოველთვის მემახსოვრება სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ჩვენი ღამეული საუბრები. მისი გაბრაზებული სახე, როდესაც თვალდახუჭული ლაპარაკობს, მისი ბედნიერი სახე, როდესაც ქვემოდან გიყურებს და იღიმის. მისი მოჭუტული თვალები, როდესაც შორს უნდოდა რაღაცის დანახვა. მისი გულიანი ხარხარი, როდესაც სასაცილო ამბავს უყვებიან.

ბატონო კახა, ბედნიეირ ვარ, რომ თქვენთან ერთად ვმუშაობ!”

უკაცრავად გრამატიკული შეცდომებისთვის, ტექსტის დარედაქტირების დრო არ მქონდა…”

ნათია გულისაშვილი

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისი

წყარო: http://natiagulisashvili.wordpress.com/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s