ბენდუქიძის ულვაში

Posted on Updated on

1912436_10152513408987700_6791707137489155191_n

უკვე აღარ ვიცი რამდენჯერ წავშალე ჩემივე დაწერილი. ეს იქნება ბოლო ცდა და ვწერ ერთი ამოსუნთქვით კახა ბენდუქიძეზე.

ვიწყებ, მაგრამ არვიცი საიდან დავიწყო იმის თქმა რომ გუშინწინ ღამით ჩემს ცხოვრებაში აქამდე ნანახი ყველაზე ჭკვიანი ადამიანის გული გაჩერდა.

მე არ შემიძლია რომელიმე ერთი ისტორიის გახსენება, 4 წელი ვიცნობდი და რაც დრო გადიოდა უფრო ვუახლოვდებოდი ბატონ კახას, რაც ნიშნავს რომ უფრო მეტს ვსწავლობდი, უფრო მეტს ვფიქრობდი, უფრო მეტს ვინდომებდი და უფრო მეტი შემეძლო. ფაქტობრივად მან გამზარდა – 21 წლის ბიჭს რომ კახა ბენდუქიძე გეუბნება, როცა სამსახური მოგბეზრდებათ მითხარით და სიამოვნებით ვიმუშავებ თქვენთანო (მაშინ სხვაგან ვმუშაობდი, როცა ეს მითხრა), ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალა, მოტივაცია გეძლევა რომ იყო წარმატებული.

როგორც სტუდენტი არ ვიცნობდი კარგად. მე „პერესტროიკის“ დროს მომიწია ფრიუნიში სწავლა და არ მესმოდა თავიდან მისი იდეების. ბევრნი ვებრძოდით, გვიკვირდა, ვუკადრისობდით – რას ერჩის იესემს? თოლია მოკლა, ლექტორები გაგვილანძღა, ჩვენც ზედ მიგვაყოლა… ახლა ვხვდები რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი მასთან შედარებით. კახა გლობალურად აზროვნებდა, მისი განათლების თამასა იმდენად მაღალი იყო, რომ ჩვენ ვერც ვიგებდით თავიდან რას გვერჩოდა. შემდეგ გული დამწყდა. რატომ ვამთავრებ ახლა ამ უნივერსიტეტს როდესაც ამდენი შესაძლებლობა გაჩნდა. რატომ არ ვისწავლე მეც კლასიკური ლიტერატურა, სოციოლოგია, ფილოსოფია, ბიოლოგია? როდესაც ჩემი წუხილი გავუზიარე მითხრა რომ რას იზამთ, აგერ მე საბჭოთა კავშირში დავიბადეო. მირჩია დაესწარით ჩუმად ლექციებს და იქნებ კიდევ ისწავლოთ რამეო. მეც ჩუმად დავდიოდი მაშინ ახლადგახსნილი მართვის სკოლის გაცნობით პროგრამებზე. ჩუმად ვიპარებოდი ამირან ამბროლაძის ლექციებზე ფრიუნის დარბაზში. წარმოუდგენლად საინტერესო იყო ჩემთვის.

შემდეგი ჩემი შეხვედრა უკვე გალექტორებიდან დაიწყო. კამპუსში პირველად რომ მივედი როგორც აგრუნის ლექტორი, ვგრძნობდი რომ რაღაცა დიდს ამზადებდა. გამახსენდა საკუთარი თავი ბენდუქიძის გაგონება რომ უსიამოვნო, შიშნარევ მოულოდნეობასთან იყო დაკავშირებული ძველ იესემში. ახლა ამას ვხედავდი აწ უკვე აგრუნელების თვალებში. ვხედავდი და მესმოდა. ოღონდ იმათ ხარისხის გაუარესების კიარა ზოგადად ხარისხის ეშინოდათ. აქაც შეცდნენ სტუდენტები. კახამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

მისი ყველას სწამდა ვინც კი მასთან მუშაობდა. მიკვირდა როდესაც მასთან არ ვმუშაობდი, როგორ ახერხებს ხალხის ასე მონუსხვას მეთქი. ერთხელ ჩემს იმჟამინდელ უფროსთან ერთად ვეწვიეთ ფრიუნიში ნუცუბიძეზე. შეხვედრაზე ბევრი „ვიჩხუბეთ“ (მე რა, იმათმა იჩხუბეს, მე გაშველებასაც ვერ ვბედავდი, ერთმანეთის მეგობრები იყვნენ ვფიქრობდი რა აჩხუბებთ მეთქი). კახა თავში ხელებს ირტყამდა, ნერვიულობდა – მთავრობა სისულელეებს ჰპირდება ხალხსო, ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაუძლებსო. მაშინ არც მთავრობის წევრი იყო და არც რაიმე ოფიციალური ვალდებულება არ ჰქონდა, რომ ბიუჯეტის მდგრადობაზე ეფიქრა. უბრალოდ არ უნდოდა მომავალ თაობებს ჩვენი აღებული ვალებით ეცხოვრათ. ბოლოს ძალიან რომ გაცხარდა, პროექტისადმი თავისი მხარდაჭერის დასადასტურებლად ულვაში მოიჭრა – აჰა შაკო წაიღეთ ეს და მიუტანეთ თქვენს უფროსს, ბენდუქიძე პირობას იძლევა და არ გიღალატებთო. არვიცოდი ულვაშისთვის რა უნდა მექნა, თან ეს ის ულვაში იყო რომ არ იყიდებოდა!

10420787_10152865596087700_4175350950780213271_nშემდეგ მასთან გადავედი სამუშაოდ, ვგრძნობდი რომ მასთან იყო ჩემი ადგილი იმ სიტუაციაში და ვიცოდი ბევრს ვისწავლიდი. ამერიკული უნივერსიტეტის იდეა, გურულები და მე (ჩემს გურულობას ბოროტად იყენებდა და პატრიოტ გურულს ნამუსზე მაგდებდა 🙂 ), ავტორიზაციის მოვლენები, ბრძოლა, წინააღმდეგობა, ორი უნივერსიტეტის კოჰაბიტაცია, სისხლის სამართლის საქმე, პიარკამპანია, ინჟინერია და მის კაბინეტში ჩემი თამაში, ფიზიკაც სხვათა შორის, საველე პრაქტიკები და ბევრი ძალიან ბევრი ამოცანა რაც მის თავში იბადებოდა რომ მისი სტუდენტები უფრო განათლებულები ყოფილიყვნენ. მისი გუნდის წევრობა უზომოდ საამაყო იყო ჩემთვის!

ჯერ კიდევ ვერ მომინელებია ჩემი სიზარმაცე, როდესაც ბატონ კახასთან გასაგზავნი ორი წერილი ბოლომდე არ დავასრულე 14 ნოემბერს და დილასდაწყებული წერილები, რომელთა ადრესატადაც მისი მეილი ჩავაწერე, ჩემს დრაფტებშია ახლაც. ბოდიში რომ ვერ გაგახარეთ ბატონო კახა – თქვენი ხელმოწერილი წერილები ყველა იმ სკოლაში დარიგდა სადაც ჩვენი პირველკურსელები სწავლობდნენ. მთელი საქართველო ამაყობს რომ ეს ახალგაზრდები ახლა თქვენს ირგვლივ არიან. ბოდიში რომ ვერ გახარეთ რომ 100მდე სკოლაში ვიყავით უკვე სადაც ყველა აბიტურიენტმა ჩვენს მისვლამდე იცის რომ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტეში სწავლა მათი ოცნებაა.

ბოდიში ჩვენს პირველკურსელებს – მე თქვენ დაგპირდით რომ აუცილებლად გაიცნობდით პირადად კახა ბენდუქიძეს, თქვენი მოლოდინისამებრ. პირობას ვერ შევასრულებ მაგრამ სხვადასხვა დროს. ძალიან ბევრს მოგიყვებით ამ დაუჯერებლად საინტერესო ადამიანის შესახებ.

ბატონო კახა, თქვენ რომ მოხვედით ჩემს ცხოვრებაში, მეც და ჩემს ირგვლივ მყოფი სტუდენტებიც არ ვიყავით ისეთი პროგრესულები როგორც ახლა ჩემს გვერდით მყოფი სტუდენტები არიან. ძალიან დიდი მადლობა რომ ყველაზე ძვირფასს ჩემს ცხოვრებაში – ჩემი ქვეყნის მომავალი თაობებს – შემახვედრეთ და მათგან ამხელა გამოცდილება მიმაღებინეთ!

თქვენ ვერ მოკვდებით, სტუდენტები არ მოგცემენ ამის საშუალებას. კახა ბენდუქიძის იდეები, აზრები, ხედვები, ოცნებები და მიზნები ახლა ჩვენს სტუდენტებშია. მათ იციან რომ ქვეყანას თქვენ სჭირდებით და ისინი თავად გახდებიან საქართველოსთვის კახა ბენდუქიძეები!

შაკო თავაძე

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების

სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისის კოორდინატორი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s