დიდი ბავშვი, ვისთვისაც ფულზე ბევრად ძვირფასი ყოველთვის იყო შოკოლადი…

Posted on Updated on

2007 წელი იყო… იანვარი… მაშინ 23 წლის  ბიჭი ვიყავი, რომელიც  არსად არ მუშაობდა და ძირითადად მეგობრებთან ატარებდა დროს. სხვათაშორის, სწავლას თავს ვაკლავდი თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თუმცა სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ყოველთვის კარგი ნიშნები მყავდა… ზოგს უკვირდა როგორ გამომდიოდა… მე კიდე მიხაროდა, რომ შემეძლო ერთხელ რამე გადამეკითხა და მერე მაგ თემაზე ბევრი მელაპარაკა… ხოდა ამიტომ დიდად წიგნებს თავს აღარ ვურტყამდი… ზარმაცი ვიყავი…

3 წელი იყო გასული რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და გადავწყვიტე – დროა სამსახურის მოსაძებნად. რამოდენიმე ადგილას გასაუბრება გავიარე… ჩემი მეგობარი ლევან გოთუა მუშაობდა სადღაც „მთავრობაში“ კახა ბენდუქიძესთან ჯერ კიდევ იმ დროიდან, რაც ის რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ამ დროს კახა ბენდუქიძე უკვე სახელმწიფო მინისტრი იყო რეფორმების კოორდინაციის საკითხებში. ლევანმა მითხრა კონკურსია ჩვენთან გამოცხადებულიო და მირჩია მონაწილეობა მიმეღო. ამ პერიოდში ერთდროულად ალბათ 10 ადგილას მივიღე კონკურსში მონაწილეობა და ცხადია რომ აქაც ვცადე ბედი. მახსოვს რამოდენიმე ადგილიდან დამირეკეს და ერთერთი „ბენდუქიძის ოფისიდან“… მასე ვეძახდი მაგ ადგილს მაშინ იმიტომ რომ ეგეთ ადამიანებს ვინც მთავრობაში დიდ თანამდებობაზე იყო, არასდროს არავის არ ვიცნობდი და ტელევიზორში თუ მყავდა მარტო ნანახი…

centeraგასაუბრებაზე დამიბარეს…დამხვდა 2 ადამიანი: მინისტრის მრჩეველი სანდრო კაჭარავა და ერთი სათვალეებიანი კაცი. ეგეთი სათვალეები მარტო საბჭოთა კავშირის დროინდელ სურათებში მქონდა ნანახი. მრგვალი სქელი შუშებით და სქელი დიდი ჩარჩოთი. რაღაცეებს მეკითხებოდნენ და მეც სტანდარტულად ვპასუხობდი… აშკარად ვხედავდი რომ იმ სათვალეებიან კაცს  სულ არ აინტერესებდა ამ სტანდარტულ კითხვებზე ჩემი პასუხები… რამოდენიმე წუთის შემდეგ ამოიწურა ჩემი ბიოგრაფიისა და ჩემი ეკონომიკის ცოდნის შესახებ კითხვები… სანდრო გავიდა ოთახიდან, ხოლო ამ სათვალეებიანმა კაცმა სიგარეტი ჩამოიხსნა ყურიდან, ხელში ცოტახანი დაატრიალა, ამოიღო ჯიბიდან ასანთის კოლოფი… შემეცოდა რაღაცნაირად… სანთებელაც კი არ ჰქონდა… ვიფიქრე მორჩა ჩემი გასაუბრება თქო. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ამოვიღე სანთებელა იმ იმედით, ოთახიდან რომ გავალთ მე მოვუკიდებ და ის ადგილს მაინც მანახებს ამ შენობაში სადაც ეწევიან… თანაც ახალი დაწყებული მაქვს მოწევა და მიხარია ვინმეს რომ მოვუკიდებ ხოლმე… უცბად ამ კაცმა ეს ასანთის კოლოფი გახსნა და გადმოეყარა ეს ასანთები მაგიდაზე…კიდევ უფრო შემეცოდა… გულში გადავწყვიტე ჩემი სანთებელა მეჩუქებინა… ერთი ხელის მოსმით ასანთების გარკვეული რაოდენობა ისე გადაწია გვერდზე რომ მივხვდი ამას პირველად არ აკეთებდა და მეუბნება: „а вот у меня 7 спичек…“ მანდ მივხვდი რომ ჩემი გასაუბრება გრძელდება… მოკლედ ამ ასანთებისგან უნდა შემექმნა გარკვეული რაოდენობის სამკუთხედები… შევქმენი… შემდეგ სხვა დავალება იყო… ისევ ასანთი ფიგურირებდა და ესე გაგრძელდა ერთი 15 წუთი… შევასრულე… დაგირეკავთო მითხრეს…

რამოდენიმე დღეში დამირეკეს. არ ვიცი ჩემმა ასანთთან მოპყრობის ნიჭმა გაჭრა თუ ლევან გოთუასთან მეგობრობამ, მაგრამ მითხრეს რომ შემდეგ ეტაპზე გადავედი და ეხლა ახალ დავალებას გამომიგზავნიდნენ ელექტრონულ ფოსტაზე… გამომიგზავნეს დავალება… უნდა დამეწერა კანონპროექტი ქართული სუფრის დაბეგვრის შესახებ. თავიდან მეგონა რომ მეკაიფებოდნენ და დავურეკე ლევანს. ტელეფონი გათიშული დამხვდა.უცხოეთში იყო წასული. მანდ მივხვდი რომ ლევანი საერთოდ აზრზე არ იყო ჩემი გასაუბრებების და აშკარად არ მეკაიფებოდნენ. მაგრამ რა კანონპროექტი რის კანონპროექტი… ეგეთი სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია არავისთან საუბარში… არათუ დამიწერია. დავიწყე ინტერნეტში ქექვა… გავარკვიე რა იყო, რას ნიშნავდა, როგორ იწერებოდა და ა. შ. მაგრამ… როგორ უნდა დავბეგრო ქართული სუფრა… გოჭი როგორ უნდა დავბეგრო? ხინკალი… მწვადი… თან ვფიქრობ რანაირი სამსახურია… ალბათ ვიღაც აყვანილი ჰყავთ უკვე და მე უბრალოდ ფორმალურად მავალებენ რაღაც სისულელეებს. მაინც დავბეგრე… განსხვავებული გადასახადების ოდენობით დავბეგრე სხვადასხვა კერძი… ბადრიჯანი ნიგვზით საერთოდ გავანთავისუფლე გადასახადისგან იმ მოტივით რომ ჩემს გარდა მაინც არავინ არ უკვეთავდა რესტორნებში და საერთოდ აღარ შეუკვეთავდნენ მერე… წავახალისე რა გაყიდვები… მივეცი კანონპროექტის ფორმა და გადავაგზავნე.

ამჯერად დამირეკეს და მითხრეს რომ კახა ბენდუქიძესთან ვიყავი დაბარებული გასაუბრებაზე მთავრობის კანცელარიის შენობაში. მივედი… ჩემზე საშვი იყო დაშვებული და ბატონო გიორგი შემობრძანდითო ვიღაცამ მითხრა შემოსასვლელში. მახსოვს „დიდ კაცად“ ვიგრძენი თავი. ამ დროს ტელეფონმა დამირეკა და სადღაც ბანკში მეძახდნენ გასაუბრებაზე… ესე ლაკონურად და ამაყად ვუპასუხე: – არ მცალია მთავრობის კანცელარიაში ვარ და სხვა დროს დამირეკეთ თქო…

მინისტრის მისაღებში ბევრი ხალხი ფუსფუსებდა მაგრამ იმთავითვე მიხვდებოდი ვინ იყო „მესტნი“ და ვინ სტუმარი. მინისტრის მდივანი მომესალმა და ყავა შემომთავაზა. მანდ ვნახე პირველად ეკა გაბადაძე, რომელიც კახას მდივანიც იყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერიც და საერთოდ ერთერთი ყველაზე კეთილი და მომღიმარი ადამიანი ვინც მანდ გავიცანი. შევედი კაბინეტში. პირველად დავინახე ეს დიდი და პოპულარული ადამიანი ცოცხლად… ესე თავის მაგიდასთან იჯდა, კომპიუტერში რაღაცას უყურებდა. მივესალმე და გამარჯობათო მიპასუხა თავი არც აუწევია… დაჯდომა შემომთავაზა და პირველი კითხვაც დამისვა – გიორგი, თქვენ აქ რამ მოგიყვანათო. თქვენობით მელაპარაკებოდა… და არც ამის შემდეგ მოუმართავს  კახა ბენდუქიძეს ჩემთვის შენობით… არასდროს… სხვებსაც ესე ელაპარაკებოდა… ვიღაცა ჭკუიდან თუ გადაიყვანდა იმასაც კი თქვენობით მიმართავდა: „თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?“

მოვყევი რომ ძალიან მინდოდა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება და ქვეყნისთვის რაიმე კარგის გაკეთება. რაზეც მიპასუხა – „ეგ ყველაფერი გასაგებია… გამიკვირდებოდა რომ გეთქვათ როგორ გძულთ ეს ქვეყანა და აქ იმიტომ მოხვედით რომ შიგნიდან ძირი გამოუთხაროთ მას და დედა უტიროთ… ეგ ყველაფერი გასაგებია რომ კეთილი განზრახვები გაქვთ, მაგრამ რატომ მოხვედით აქ? რატომ მაინცდამაინც ეს ოფისი? რატომ არ წახვედით შინაგან საქმეთა სამინისტროში? ან ჯანდაცვის სამინისტროში? ან კულტურის სამინისტროში?“

ვისაუბრეთ იმაზე როგორ არ მომწონდა შევარდნაძის დრო… როგორ მეშლებოდა ნერვები როდესაც სხვა ქვეყნებზე იძახდნენ რომ ჩვენზე უკეთესები არიან… რატომ არ შეგვიძლია ჩვენც ვიყოთ მაგრები… სად იმუშავებდითო  მკითხა და ჩამომითვალა ისევ სამინისტროები… არ მინდოდა ამ ჯანდაცვაში არასდროს მუშაობა, არც შსს-ში  და შემრჩა ისევ კულტურის სამინისტრო… მანდ მეთქი… ხოდა წადით ეხლა და თეატრები რომ ცუდ დღეშიაო დღეს მაგას როგორ ვუშველოთო მოიფიქრეთო და მოდით მერეო.

მივედი რამოდენიმე დღეში და რაღაცეები ვიბოდიალე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით… მისმინა 5 წუთი და მითხრა: „წადით ეხლა კანონი წაიკითხეთ თეატრებზე… კარგად გაერკვიეთ ყველაფერში და ამდენ ლაპარაკს აგერ დაფაზე კონკრეტულად დამიწერეთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ჩათვალეთ თქვენ კულტურის მინისტრად დაგნიშნეს, გიორგი!“

წამოვედი და ვფიქრობ რამდენჯერ უნდა მიმიყვანოს ეხლა ამ კაცმა… თუ უნდა ამიყვანოს თუ არადა მითხრას პირდაპირ. თანაც არაპირდაპირი ადამიანის აშკარად არფერი არ ეტყობა და ამდენ დროს არ დახარჯავდა ჩემთან შეხვედრაზე რომ არ უნდოდეს. სახლში არაფერს არ ვიძახი… ხომ არ ვიტყვი კულტურის მინისტრი ვარ თქო. სულ გაგიჟდაო ეს უპატრონო იფიქრებდნენ.

შემდეგ მისვლაზე კარგად მოვემზადე. დერეფანში ის სათვალეებიანი კაციც შემხვდა. აწ გარდაცვლილი მიშა იაშვილი… კახას ძველი მეგობარი ყოფილა, რომელიც ხალხის შერჩევაში ეხმარებოდა და ფსიქოლოგიურ პორტრეტს უხატავდა… საოცრად უბრალო, თბილი და განსხვავებული ადამიანი იყო და ყველას ძალიან უყვარდა. რაღაც რჩევას თუ ჰკითხავდი,  შემოუვლიდა ხოლმე… ათას კითხვას დაგისვამდა და მერე გირჩევდა რამეს. მაშინაც მითხრა, რომ მანქანას რომლის სახურავზე რაღაც დაეცა, ბევრი ადამიანი ეგრევე გაარემონტებსო… სახურავის ნაწილს გამოუცვლის და ცოტა ადამიანი თუ დაფიქრდება იმაზე, რომ ლუქი გააკეთოს გაფუჭებულ ადგილას, იქნება და უფრო იაფი უჯდებაო… ამიტომ კრეატიულად შეხედე რაღაცეებსო…

ამჯერად დავუწერე დაფაზე რა იყო ჩემის აზრით პრობლემა ამ სფეროში… რა იყო გამოსავალი… რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მაგრამ ეს არ იყო მთავარი მისთვის… არავინ არ დამნიშნავდა მართლა კულტურის მინისტრად. მას აინტერესებდა თუ რამდენად სიღრმისეულად და დეტალურად შემიძლია მოვეკიდო საქმეს… რამდენად მაქვს სურვილი მართლა რაღაცის კეთების…

– გიორგი, კანონი წაიკითხეთ?

– არა, ბატონო კახა…

– რატომ?

– წავიკითხავ…

– არა ეხლა უკვე გვიანია… აქამდე უნდა წაგეკითხათ.

მეგონა დამთავრდა ყველაფერი და ეხლა დამემშვიდობება…

– გიორგი, ზარმაცი ხართ?

– კი ცოტა ზარმაცი ვარ…

– არაუშავს, ბადრიჯანს ფრთები რომ ჰქონდეს გაფრინდებოდა, მაგრამ არ ააქვს და ვერაფერს ვიზამთ. სიზარმაცე კი შრომით უნდა დაძლიო. ეეეეკაააააა…

შემოდის ეკა.

– ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია, გიორგი ცენტერაძე…

პირდაპირობა და გულწრფელობა უყვარდა ყოველთვის… აფასებდა როდესაც საკუთარ შეცდომას აღიარებდი და თავის მართლებას არ იწყებდი. ბრაზდებოდა ხოლმე და იძახდა რომ ქართველებს ბოდიშის მოხდა უჭირთო და ყველაფერზე თავს იმართლებენო.

პირველივე სამუშაო დღეს გამაცნო გიგა გონაძე რომელიც ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობდა და უთხრა რომ ანალოგიურად სპორტშიც უნდა გაგვეკეთებინა რეფორმა და იქნება და აუხსნათ გიორგისო.  იმ დღესვე მერიაში გამიშვა… მივედი და დამხვდა ვიცე მერი, რამოდენიმე სამსახურის უფროსი… რუკა ჰქონდათ გაშლილი მაგიდაზე და რაღაც საკითხებს იხილავდნენ. მეგონა რომ ალბათ რაღაცეები უნდა ჩამეწერა და კახასთვის მეთქვა შემდეგ რა და როგორ… უცებ ვიცე მერი შემომიტრიალდა და თქვენ რას ფიქრობთო მკითხა… ვუთხარი… გაითვალისწინეს… მანდ მივხვდი პირველად რომ უკვე ჩემი ცხოვრება შეიცვალა… სხვა პასუხისმგებლობაა…

ერთი თვის გამავლობაში ვსწავლობდი თითოეულ დეტალს იმ საქმეში რაშიც ჩართული ვიყავი… მოვიარე მთელი თბილისი… ველაპარაკებოდი სხვადასხვა სპეციალისტებს და პროფესიონალებს… ვეძებდი ყველაფერს ინტერნეტში… რა არის ერთი თვე მაგრამ, საუბარში ვხვდებოდი უკვე რომ უფრო მეტი ვიცი კონკრეტული საქმის შესახებ ვიდრე ის ადამიანები რომლებიც წლებია ამაზე მუშაობენ. თან მწყინდა რომ ესეა თან მიხაროდა…

ესეთი დაახლოებით 30 კაცი ვიყავით… გოგო ბიჭები რომლებსაც არ უმძიმებდათ ცუდი წარსული  ზურგს… ვინც არასდროს არაფერში არ იყო გასვრილი და ვისაც შეეძლო თავისუფლად აზროვნება. ამიტომ მიგვიყვანა ყველა გარედან და არასდროს არავინ არ აუყვანია სამსახურში პროტექციით… ვერ იტანდა ამას… ეს ადამიანები დღე და ღამე მუშაობდნენ იმიტომ რომ სჯეროდათ საკუთარი საქმის და საკუთარი შესაძლებლობების… გულწრფელად უნდოდათ უფრო კარგ ქვეყანაში ცხოვრება… და ეს გააკეთეს კიდევაც… საქართველო გახდა უკეთესი…

რა გვექნა, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ… რაც შეგვეძლო გავათენეთ… მაქსიმალურად დავიხარჯეთ და შედეგიც დავდეთ… კი, უკეთესადაც შეიძლებოდა, ბევრად უკეთესადაც, მაგრამ… კარგი იქნებოდა რომ მოგვხმარებოდნენ ან როგორც მინიმუმ ხელი არ შეეშალა ბევრს…

დღეს ვფიქრობდი, კახას რომ უფრო მაგარი 30 ადამიანი ყოლოდა რას გააკეთებდა თქო. აი საქართველოს ნაკრებს რო ყავდეს მესი, რონალდო, რობენი… სამწუხაროდ არც ნაკრებს ყავს და არც ჩვენ ვიყავით მესი და რონალდო… მწვრთნელი კი მაგარი გვყავდა და რაც შეძლო გააკეთა ამ ადამიანებით… საქართველო შეცვალა…

ერთხელ სამეურნეო თემაში გადამიყვანა, კანცელარიის უფროსი იყო უკვე. რაღაცეებს აკეთებდნენ პატარ პატარა რემონტებს. დამიძახა და მითხრა რომ ამ მშენებლებთან არაფერი არ ჭრისო, გინება მალამოსავით არისო მაგათთვის… აი ნაჯახი, გამომართვითო და ერთხელ თუ არ გააკეთებენ ისე როგორც საჭიროა, იარეთ და რაც არ მოგეწონებათ დაანგრიეთო… ფულს ვიხდით და კარგად უნდა გააკეთონო… დავდიოდი ამ ნაჯახით კანცელარიაში… გიჟი ვეგონე ყველას…

ვერ იტანდა სავალუტო ფონდებს და კრედიტებს, სულ იძახდა ტყვილად არავინ არ მოგვცემს ფულსო და ჯობია ჩვენ რაც გვაქვს ის ვიკმაროთო და არავისი ვალი არ გვქონდესო…

კერძო საკუთრებაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის… მახსოვს რაღაც შენობიდან ასახლებდნენ ხალხს, უნდა დავანგრიოთო… და სასტიკი წინააღმდეგი იყო და ძალიან ბრაზდებოდა…

ყველა საქმეში თითოეულ დეტალს უღრმავდებოდა და ნერვიულობდა… სულ საქმეზე ფიქრობდა… ომის დროს კანცელარიის დაბომბვის საშიშროება რომ იყო ვიჯექი და ირაკლი კვაშილავასთან ერთად ვმუშაობდი საქართველოს ბიუჯეტზე… უცებ ისეთი აფეთქების ხმა გაისმა მეგონა აღარ იყო კანცელარია… ვიღაცეები გარბოდნენ… ჩვენ გაუნძრევლად გავაგრძელეთ მუშაობა… ბოლოს გაირკვა რომ შემთხვევით გენერატორი გასკდა თუ რაღაც ეგეთი… პანიკა ვინ დათესაო გამირკვიეთო… ვისთან უნდა გაგვერკვია აღარავინ აღარ იყო ჩვენს გარდა…

ფიქრობდა იმაზე დევნილებს სახელმწიფოს მიერ ახალ აშენებულ სახლში რა უნდა დახვედროდა… დაწყებული კოვზიდან დამთავრებული სპეციფიკური ხელსაწყოებით რომლებსაც სოფლად იყენებენ… ჩხუბობდა თუ ვინმეს რამე გამორჩებოდა და აიძულებდა როგორც საკუთარ სახლზე ისე ეფიქრათ. მახსოვს მე და ანა კვანჭილაშვილი ვიყავით შეხვედრაზე სადაც ნერვიულობდა სპორტულ დარბაზში ისეთი ხის საფარი არ დაეგოთ რომ ვინმე ბავშვს ხიჭვი არ შეერჭოს და ესეთ წვრილმანებს ძალიან დიდ დროს უთმობდა… ანაც იმ 30 ადამიანში შედიოდა… ერთერთი ყველაზე პატარა იყო ჩვენში… კახა რომ ნერვიულობდა ანა მაგაზე ნერვიულობდა და იყო ესე… ბოლომდე გვერდში ედგა კახას…

ეკა გაბადაძეს, ნანა დგებუაძეს და მარი ბუღაძეს ყველაზე რთული სამსახური ჰქონდათ მე რომ მკითხო… კახას მისაღებში ჯდომა, მისი ოფის მენეჯერობა და განსაკუთრებით მისი PR არ არის ადვილი საქმე… მაგრამ მგონი ყველაზე მაგრად მაგათ უყვარდათ კახა…

ვატო ლეჟავა და ლილი ბეგიაშვილი… ადამიანები ვის გარეშეც მე საერთოდ არ წარმომიდგენია ის ყველაფერი რაც გაკეთდა… ან ბევრად უფრო დიდი ხანი დაჭირდებოდა… მათ ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი უნარი აქვთ… და ესეთ ადამიანებს პოვნა უნდოდა… კახამ იპოვა…

ნანუკა საყვარელიძე, ეკა ყოლბაია, გიგა გონაძე, მარი ჯაფარიძე, ოთარ შუბითიძე, რიმა ბერიაშვილი… ძალიან მაგარი ადამიანი, რომელიც გულით ყველაზე ახალგაზრდა იყო არის და იქნება ჩვენში… ჯანდაცვის სამინისტროში ყველას ესე რომ ემუშავა როგორც ამ ხალხმა იმუშავა ჯანდაცვაზე დღეს ალბათ ყველაზე მაგარი ჯანდაცვა გვექნებოდა მსოფლიოში… მაგრამ…

მანჩო შურღულაია, თამთა ოტიაშვილი, ლანა ონიანი, ნინო ჯავახაძე, ალეკო კაჭარავა, რატი ობოლაძე, თეონა ოძელაშვილი, გოგა ცხაკაია, მერაბ ნარმანია, ქეთი ქოქრაშვილი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ახალაია, ნათია ხანთაძე, ბესო ანდრიაძე, მაკა მდივანი, მაიკო წოწკოლაური, ვახო ბარამიძე, ლევან გოთუა, ლაშა მგელაძე, დათო მოდებაძე, ბექა მაისურაძე, ნინო გორგაძე, ლევან თაქთაქიშვილი, ნონა ყარალაშვილი, ლალი შაიშმელაშვილი, ლევან ხეცურიანი, ლევან ფხაკაძე, გიორგი კასრაძე, გივი ქუტიძე, აჩიკო ფოჩხუა, თათული დოლიძე, ირაკლი ბერეკაშვილი, ნათია სამუშია… ნათიამ რასაც ხელი მოკიდა ყველაფერი მაგრად გამოუვიდა, იმიტომ რომ ყველაფერს მთელი გულით აკეთებს… ყველა ამ ადამიანს ააქვს უზომო წვლილი რომ საქართველო არის ბევრად უკეთესი ვიდრე იყო… ამ ხალხის ბრალია 12% ეკონომიკური ზრდა… კარენ მინასიანი, დათო ნინიაშვილი და ნოდარ სარდლიშვილიც გვეხმარებოდა IT კუთხით…

ყველა ეს ადამიანი კახამ შეკრიბა ერთად… ეს ხალხი მარტო ხელფასისთვის არ მუშაობდა… როდესაც იცი რომ ქვეყანას უკეთესობისკენ ცვლი იქ ფული არაფერს არ ნიშნავს… კახა ყოველთვის იძახდა ბევრად მეტი გეკუთვნითო რასაც თქვენ მუშაობთ, მაგრამ ჩათვალეთ დანარჩენს სწავლაში მიხდითო… მართლაც ბევრი რამ მასწავლა… მაგალითად ის რომ არასოდეს არ უნდა გრცხვენოდეს კითხვის დასმა თუ რაიმე არ იცი და გჭირდება… ყველაზე მაგარი მაშინ იქნები, როდესაც რაზეც საუბრობ ან აკეთებ, ძალიან მაგრად იცი… მასწავლა დროის ფასი… კიდევ ბევრი რამ და რაც მთავარია მომცა საშუალება ქვეყნისთვის რაღაც გამეკეთებინა…

არასოდეს არ გვაძლევდა პრემიას კარგი მუშაობისთვის… მისი პრემია და მადლობა იყო შოკოლადი… თუ გვაჩუქებდა შოკოლადს ესეიგი ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენით…

მახსოვს თავისუფალ უნივერსიტეტში რომ გადავედი… იქაც მაგარი გუნდი შეკრა… გიორგი მელაძე, რომლის ნიჭიერება მართლაც რომ იშვიათია… ასევე იშვიათია ისეთი შერწყმა ადამიანობისა და პროფესიონალიზმის, როგორიც ვახო მეგრელიშვილია… გიგა შუბითიძე, ილო უმუდუმოვი, ალეკო შელია, გოგი კაციტაძე, თეა ხინჩაგაშვილი, ანი მილაშვილი, გაგა კაპანაძე, ეკა ონიანი, ტუკი, დათო გორგილაძე, მარი კიკალეიშვილი, ნათია გულისაშვილი, ზვიად სულაბერიძე, ნუცა ბათიაშვილი, მარინა ქარჩავა და სხვები… და აქაც ვატო ლეჟავა.

აგრარულში ლაშა გოცირიძე, ზვიად ჭეიშვილი, ირაკლი თაქთაქიშვილი, კახა დიდებულიძე, ილია, ვალერი, კობა, თაკო, ირაკლი, სანდრო…

საოცარი ხალხია… ყველა თავისებურად მაგარი… მარტო ურთიერთობაც კი ამ ხალხთნ ბევრს ნიშნავს…

ზაზა, გეგა, შაკო, ირაკლი…

და ის ბავშვები კიდევ რომლებიც ასევე კახამ აღმოაჩინა თავისუფალში და აგრარულში…

კახას გარეშე ხომ ამ ხალხს ვერ გავიცნობდი… და კიდევ რამდენს არ ვიცნობ უბრალოდ ან გამომრჩა…

მიჩხუბია კიდევაც მასთან… გავუგდივარ კიდევაც სამსახურიდან… მახსოვს ქეთი ქინქლაძის ატირებული თვალები ამ დროს ამ ჩხუბს რომ უყურებდა… ქეთი საოცარი გოგოა… ძალიან გულიანი მაგრამ ამავდროულად ძალიან მაგარი პროფესიონალი… მისი წვლილიც დიდია იმ 12%-ში…

ამის მერე ბევრ ადგილას ვიმუშავე… ვყოფილვარ დირექტორიც… მოადგილეც… უფროსიც… ყველგან ვაკეთებდი ყველაფერს რომ ყველაზე მაგარი პროფესიონალი თანამშრომლები მყოლოდა… თუნდაც იმის ხარჯზე, რომ შეიძლება ზოგიერთს არ უყვარდე მაგ დროს… მაგრამ ეს არაა მთავარი… მთავარია ამით ის ადამიანი გახდეს ძალიან მაგარი თავის საქმეში ვისაც თუნდაც არ უყვარხარ და ქვეყანას ემსახუროს… ესეც კახამ მასწავლა… და დღეს გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ იმ ბიჭებით და გოგოებით ვისი უფროსიც მე ვიყავი და ვთვლი რომ მათი 99% არის დღეს ერთერთი საუკეთესო საჯარო მოხელე საქართველოში… ესეთ ადამიანებზე დგას დღეს საქართველო… ესეთ ხალხშია საქართველოს მომავალი…

შემდეგ კახამ ისევ დამიძახა მასთან სამუშაოდ… პირდაპირ მითხრა სულ 2 ან 3 კაცი მყავს ნანახი საქართველოში თქვენნაირი მენეჯერი… გამეღიმა… რა სისულელეა თქო ვუთხარი… შევხდით ვილაპარაკეთ… თქვენ ნებისმიერი ადამიანთან კარგი ურთიერთობის დამყარება შეგიძლიათო და ხალხის შეკვრა ერთ გუნდად… კიდევ რამოდენიმე თვე ვიმუშავე მასთან… ერთხელ მკითხა:

– ხელფასი რამდენი გქონდათ რომ დაიწყეთ სამსახური?

– 200 ლარი თვეში.

– ეხლა რამდენი გაქვთ? (იღიმის)

– მაგდენივე დღეში…

– ხომ გითხარით შრომით დაძლევთ თქო სიზარმაცეს… (იღიმის)

ახსოვდა…

კახა იყო ყველაზე საოცარი, ნიჭიერი და მცოდნე ადამიანი ვისაც კი ვიცნობდი…

ის ბავშვივით იყო…დიდი ბავშვივით… ბავშვივით უხაროდა კარგი და ბავშვივით წყინდა ცუდი… ის იყო შინაგანად დიდი კეთილი ბავშვი, რომლის სიმდიდრეც ფულით არ იზომებოდა… დიდი ბავშვი, ვისთვისაც ფულზე ბევრად ძვირფასი ყოველთვის იყო შოკოლადი…

გიორგი ცენტერაძე

თანამშრომელი 2007-2009, 2012 წლებში

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s