ის, რასაც ვნანობ

Posted on Updated on

1528529_10152136265867700_148945564_nკახა ბენდუქიძეს პირადად სულ ორჯერ შევხვდი. ამიტომ ვერ დავიჩემებ, რომ კარგად ვიცნობდი. ჩვენი მეორე შეხვედრა 2013 წლის 25 დეკემბერს შესდგა და ძალზედ ხანმოკლე და ფორმალური იყო. იმ დღეს მე დიდი პატივი მერგო წილად – მომენიჭა თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის წოდება და მე და გია დვალმა საჯარო ლექცია წავიკითხეთ.

პირველმა შეხვედრამ კი, რომელიც 6 თვით ადრე შესდგა, 2 საათზე მეტს გასტანა და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ის პერიოდი იყო, როცა მე და ჩემი მეგობრები (გია დვალი, დათო ლორთქიფანიძე და ვაჟა ბერეჟიანი) მეცნიერების და განათლების კონცეფციაზე ვმუშაობდით, და ტექსტის ძირითადი ნაწილი უკვე გამოქვეყნებული გვქონდა. ბატონი კახა ძალიან დაინტერესებული იყო ამ საკითხით, რადგანც განათლება და მეცნიერება მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული. თანაც, იმ ეტაპზე ჩვენს კონცეფციაში არ იყო გარკვეულად ნათქვამი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესებს შეეხებოდა. როგორც თავად მითხრა, ყველა ჩვენგანს დიდ პატივს სცემდა და არ უნდოდა ჩვენთან საჯარო პოლემიკაში ჩართულიყო, ერჩივნა ინდივიდუალურად გაეზიარებინა თავისი შეხედულებები და დაესვა მისთვის საინტერესო და მტკივნეული შეკითხვები.

ჩვენი საუბარი ხანმოკლე შესავალის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა – ბატონი კახა სვამდა კითხვებს და მე უნდა გამეცა პასუხი. ცოტა ხანში მოვხვდი, რომ ბატონი კახა თავის სათქმელს კითხვის ფორმით ამბობდა და ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ჩვენს კონცეფციაში გარკვეულ კითხვაზე პასუხი ან არ არის ან არასრულყოფილადაა ჩამოყალიბებული. მის ამ სტილს ძალიან მალე ავუღე ალღო და მეც პასუხის გაცემა კითხვის ფორმით დავიწყე. მალე მიხვდა, რომ მისი სტილი გადავიღე, გაეღიმა და ყოველგვარი კომენტარის გარეშე შეწყვიტა კითხვების დასმა და გავაგრძელეთ ჩვეულებრივი საუბარი. ყველაფერზე ვისაუბრეთ, დაწყებული საბჭოთა განათლების სისტემიდან, რომლის პროდუქტი ორივე ვიყავით და დამთავრებული თანამედროვე მეცნიერების გამოწვევებით. საუბარი იმდენად საინტერესო იყო, ორსაათნახევრი ისე გავიდა, ვერც კი ვიგრძენი. გულწრფელად ვიტყვი, ბევრი საკითხი, რომელიც თითქოს მარტივი და ცალსახა იყო ჩემთვის, ბატონ კახასთან შეხვედრის შემდეგ სულ სხვა კუთხით და სხვა განზომილებით დავინახე და ბევრი მანამდე თითქოსდა მარტივი დებულების სისწორეზე დავფიქრდი. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მისთვის ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო. თუ ასეა, მან მიზანს მიაღწია…

1536565_10152136264547700_1391777669_n

შეხვედრის ბოლოს შევთავაზე თავისუფალ უნივერსიტეტში გაეხსნათ ბიოსამედიცინო მიმართულება. მისი პირველივე რეაქცია კატეგორიულად უარყოფითი იყო, რადგანაც ჩათვალა, რომ მორიგი სამედიცინო ფაკულტეტის გახსნას ვთავაზობდი. როდესაც ავუხსენი თუ რას გულისხმობდა ეს მიმართულება, ვის მოამზადებდა და როგორ იყო შესაძლებელი სტუდენტების დასაქმება ამ პროგრამის გავლილის შემდეგ, მთხოვა რომ სილაბუსი მიმოწოდებინა მისთვის. ლუნდის უნივერსიტეტში არსებული მსგავსი პროგრამის სილაბუსი თან მქონდა და გადავეცი, არანაირი იმედით, რომ იგი ამით დაინტერესდებოდა, ჩავთვალე რომ მხოლოდ ზრდილობის გულისთვის ითხოვა სილაბუსი. ჩვენი შეხვედრიდან 2 კვირაში, მივიღე ბატონი კახას მეილი, სადაც მწერდა, რომ ძალიან მოეწონა ბიოსამდიცინო განათლების იდეა, და თვილიდა, რომ ეს რეალურად მიღწევადი იყო. ამასთან მომწერა, რომ თუ მე დავთანხმდებოდი ამ პროგრამის ხელმძღვანელობას, იგი რამდენიმე თვეში უზრუნველყოფდა აკრედიტაციის მიღებას და შემდეგ სასწავლო წელს უკვე შესაძლებელი იქნებოდა პროგრამის დაწყება. იმავე წერილში მან შემომთავაზა თავისუფალ უნივერსიტეტში, ჩემს შვედეთში მოღვაწეობის პარალელურად გამეხსნა მცირე ზომის კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც მთლიანად უნივერსიტეტი დააფინანსებდა. რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, ორივე წინანდადებაზე უარი ვუთხარი. მთავარი მიზეზი, დროის უქონლობა იყო. ალბათ მომავალში ამას ვინანებ, თუკი უკვე არ ვნანობ…

ზაზა კოკაია

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი

ლუნდი, შვედეთი

17 ნოემბერი, 2014 წ.

Advertisements

2 thoughts on “ის, რასაც ვნანობ

    zaira said:
    24.11.2014, 19:11

    Tkven shestavazet da mere uari utxarit tanamshromlobaze?

    Like

      campus responded:
      24.11.2014, 21:39

      ქალბატონო ზაირა, ბატონმა ზაზამ იდეა მიაწოდა კახა ბენდუქიძეს, რომ ასეთი მიმართულება გახსნილიყო უნივერსიტეტში, ის არ უთქვამს, რომ მას უნდოდა ხელმძღვანელი ყოფილიყო ამ მიმართულების.

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s