Most Important

Posted on

ტელეფონში კახას კონტაქტი ასე მაქვს შეყვანილი Most Important. ვიცი, ვიღაცეებისთვის ეს საღლიცინო თემა შეიძლება იყოს, მაგრამ ასე ჩავწერე ეს ტელეფონი 2008 წელს და იმის შემდეგ არც შემიცვლია.

2007 წელს დავიწყე კახასთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი, უნივერსიტეტშიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაც მისწავლია ღირებული, ყველაფერი ამ ადამიანისგან და ეს სწავლის პროცესი გრძელდებოდა მუდმივად და ახლაც გრძელდება.

kvanchiახლა ვზივარ და ჩავკირკიტებ ჩემ ბლოკნოტებს, რომელიც ულევი რაოდენობით დამიგროვდა ამ 8 წლის მანძილზე, რადგან ყველაფერს, მათ შორის უმნიშვნელო დავალებებსაც მაწერინებდა – ჩაიწერეთ ანა, ჩაიწერეთ. მაშინ ეს ჩანაწერები, იყო უბრალო დავალებები, სულ უფრო და უფრო რთული, მაგრამ ბევრ რამეს სიღრმისეულად გააზრების გარეშე ვაკეთებდი, ტექნიკურად მინდოდა, რომ კარგად ყოფილიყო შესრულებული. არადა, ამ ბლოკნოტებში არის მრავალი ისეთი ფრაზა, რომელიც ხელახლა შემიძლია ახლა გავიაზრო, იმიტომ რომ მიზანს მივაღწიო. კახას სიკვდილამდე არ მქონდა ასეთი მკაფიო და მნიშვნელოვანი მიზნები, როგორიც ახლა მაქვს. ამ მიზნების მისაღწევად მე ახლა მაქვს არანორმალური ძალა, გვერდზე გადავდო პირადი, გადავდო სიზარმაცე, ვიყო თავდაუზოგავი.  მიუხედავად იმისა, რომ ვარ დაცარილებეული და განადგურებული, ვგრძნობ რაღაც არანორმალურ ძალას.

ერთი რამ ზუსტად ვიცი, კახა ახლა ცოცხალი იქნებოდა, მისთვის საქართველოს დატოვება, რომ არ ეიძულებინათ. მისთვის უსამართლოდ უამრავი პრობლემა, რომ არ შეექმნათ. კახასთვის აქ არ ყოფნა, უნივერსიტეტების ცხოვრებაში ყოველდღიური მონაწილეობის არ მიღება იყო დიდი ტრაგედია. მისი სიკვდილის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ შორიდან უწევდა პრობლემებთან გამკლავებაც და უნივერსიტეტების წარმატებაზეც დაკვირვება.

5 დღით რომ მიდიოდა ქვეყნიდან 2 დღეში მოულოდნელად დაბრუნდებოდა, რომ გაერკვია ყველაფერი რიგზეა თუ არა და მერე კიდევ 3 დღით მიდიოდა. ერთხელ საუბარში წამომცდა, რომ სხვა ქვეყანაში მინდოდა ცხოვრება, გაბრაზებული ვიყავი რაღაცაზე. ძალიან მშვიდად მითხრა, რომ მას აქვს თეორია, რომ ადამიანი სადაც, იბადება იქ უნდა მოკვდეს.

ყველაფერი საბჭოთა სძაგდა. მიყვებოდა პატარა ისტორიებს საბჭოთა აბსურდებზე, გაოგნებული ვუსმენდი, ერთხელ საღამოს ათ საათზე შევედი და გამთენიის სამ საათზე დასრულდა ჩვენი ეს შეხვედრა. ვაკეთებდი ამ ისტორიების მონახაზებს ჩემთვის და სულ უფრო და უფრო მეტი მინდოდა, რომ მოეყოლა. ზუსტად ვიცი, რომ გულს უხეთქავდა ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური კურსი და რუსეთთან დამოკიდებულება.

სწორედ სამი მთავარი მიზანი მაქვს ახლა:

  • არ გავიქცე საქართველოდან და დავრჩე აქ
  • ყველა ის ადამიანი, რომელმაც კახას სიკვდილში წვლილი შეიტანა დაისაჯოს
  • საქართველო იყოს თავისუფალი

მზად ვარ ამ მიზნებისთვის, ყველაფერზე პირადზე ვთქვა უარი, მზად ვარ ამ მიზნებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავო ჩემ თავზე და ზუსტად ვიცი, რომ მე ეს გამომივა, რადგან არაფერი ისე არ მდომებია, როგორც ეს სამი რამ მინდა ახლა.

ერთხელ მოწვევა მივიღე არა ძალიან პოპულარული კოლეჯიდან ინგლისში, ზოგადად, სულ მქონდა თავში ჩაჭედილი, რომ ის განათლება რაც მიღებული მაქვს, არ არის საკმარისი, რადგან 19 წლისამ, მესამე კურსზე დავიწყე მასთან მუშაობა, ამიტომ წასვლა და განათლების სხვაგან მიღება, ვერ მოვასწარი, ჰოდა, ვნერვიულობდი ამაზე. რა თქმა უნდა, მოწვევის შესახებ ვუთხარი კახას. ეს ზუსტად მაშინ ხდება, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი ახალ შენობაში გადავიდა და წინ ბევრი საქმეა. რა დროს წასვლაა ანა, მე თქვენ ამხელა საქმე ჩაგაბარეთ, მიღიმის, მერე მთხოვს, რომ გავუგზავნო ბმული, საიდან მაქვს ეს მოწვევა მიღებული. დილის ოთხ საათზე მომდის მეილი, ანა, მე გადავხედე კოლეჯს და ვთვლი, რომ თქვენ თუ წახვალთ, რაღაც, უფრო კარგ სასწავლებელში უნდა წახვიდეთ. ამას მოყვება, ვრცელი კრიტიკული ანალიზი კოლეჯის ვებ-გვერდზე არსებული ყველა ინფორმაციის – ლექტორები, მისია, პროგრამის კურიკულუმი. ბოლოს მეილი ასე დამთავრდა – ისე თქვენ ახლაც ბევრს სწავლობთ. მორჩა, ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, აღარც მიფიქრია იმ მოწვევაზე. დავრჩი და წამით არასდროს არ მინანია, რომ არ წავედი.

kvanchi2ოკ – ეს იყო პასუხი, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიღებდი, იმ  მეილებზე პასუხად, რომელსაც ვუგზავნიდი. მაგრამ, მქონია ასეთი პასუხებიც – კარგია, ბრავო, ეს როგორ შეძელით – შეფასებები, რომელსაც იშვიათად ვიღებდი, მაგრამ იყო ზეიმის ტოლფასი ჩემთვის. ეს იყო უდიდესი მოტივაცია ჩემთვის, იმიტომ, რომ ვიცოდი, რაღაც ძალიან გამიმართლა, რაღაც ძალიან განსაკუთრებულ ადამიანთან ვმუშაობ და მისგან მოზომილი შეფასება უდრის იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე მყისიერი აღიარება საზოგადოების დიდი ნაწილისგან.

მე ამ რვა წლის მანძილზე ვისწავლე, რომ მყისიერ აღიარებებზე და აღფრთოვანებებზე უფრო მნიშვნელოვანია იშრომო ჩუმად იმ საქმისთვის, რომლისაც გჯერა. იშრომო შენი იდეისთვის ისე, რომ არ გქონდეს პირადი სარგებლის მოლოდინი – უბრალოდ გინდოდეს რაღაც სწორი, დიდი და მნიშვნელოვანი, რომლიდანაც სარგებელს ნახავს ყველა.

ტყუილი – ის რაც წონასწორობას აკარგვინებდა. არადროს არაფერი არ მომიტყუებია მისთვის. მერჩივნა პირდაპირ მეთქვა, რა მოხდა, როგორ მოხდა. მასაც ზუსტად ვიცი, რომ არასდროს არაფერი არ მოუტყუებია.

7 ნომებრის ამბებზე შევედი მის ოთახში, ჯერ კიდევ კანცელარიაში ვმუშაობდი. ვუთხარი, რომ მე არ მომწონს რაც მოხდა და ალბათ ჯობია წავიდე. ძალიან აღელვებულმა, თითქმის ცრემლიანი თვალებით ამომხედა და მითხრა, ანა მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ არაა სწორი გაქცევა, უნდა ეცადო რომ შეცვალო. მაშინ მივედი, ჩავეხუტე და ვაკოცე. ვერც გავიაზრე ისე მოხდა ეს. შემომხედა და მითხრა, შეგიძლიათ ხშირად გაიმეოროთ ხოლმე ეს.

ჩემი აზრით, ბევრჯერ მოექცნენ უსამართლოდ. არამარტო ახლა, მანამდედაც. მაგრამ მას ჰქონდა იდეა და ეს იდეა იყო თავისუფალი და განათლებული საქართველო ლაღი ადამიანებით, რომლებიც ცხოვრობენ ისე, როგორც მათ უნდათ, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, აქვთ ცოდნა და გაგება იმის, თუ როგორ არის სწორი ცხოვრება, მნიშვნელოვანს არაფერს ზიანი რომ არ მიაყენო.  მას ჰქონდა უნარი, წყენებზე, უსამართლობებზე მაღლა დამდგარიყო და ამ იდეეისთვის ებრძოლა და ეს იდეა იცოცხლებს მუდმივად. მე ეს უნარი არ მქონდა და სულ მსაყვედურობდა, მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, შეძელით მათთან ურთიერთობა. შევძლებ!

მარი ბუღაძის დაბადების დღე იყო და მარი გავუშვი, მე დავრჩი მარის ადგილზე. კანონები გადიოდა, როგორც მახსოვს. ძალიან გვიან მოვიდა კახა, ხელში უჭირავს ქაღალდები. კმაყოფილი სახე აქვს. როგორც ჩანს კარგად ჩაიარა. მერე ცალკე მაწვდის ერთ კანონს, ეს წელსაც დახიეთ და გადაყარეთ. ცოტა გამიკვირდა. მიღიმის და მეუბნება, ეს განწირული კანონი იყო. ამაზე მეტყოდნენ უარს, სამაგიეროდ ყველაფერზე ხომ ვერ იტყოდნენ უარს და ეს მიმაქვს და სხვა საქმე გამოდისო. გამეცინა. მერე მითხრა, იცით ამ შენობიდან რამდენი ქაღალდი იყრება? არ გინდათ ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა გააკეთოთ. სარფიანი საქმე იქნება.

kvanchi3მე კახასგან ვისწავლე, რომ შესაძლებელია მოკიდო ყველა იმ საქმეს ხელი, რაც გაინტერესებს. მე რომ კახასთან მივედი, მიუხედავად იმისა, რომ მერვე კლასიდან ვმუშაობ, დიდი არაფერი გამოცდილება არ მქონდა. ფილოლოგიური მქონდა დამთავრებული, სარედაქციო-საგამომცემლო საქმე – ზეპირსიტყვიერად გვიხსნიდნენ, როგორ იბეჭდება წიგნი. მარაზმი. წესით, მხოლოდ კანონები უნდა მესწორებინა, იმიტომ რომ ვიცოდი ქართული, ამ მიზნით მიმიღეს მეც ჯობს.ჯიდან გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე, როგორც ყველა ჩემი მეგობარი. ეს იყო მოცემულობა. მისვლიდან რამდენიმე თვეში 2008 წლის ანტიკორუფციული სტრატეგია დამაწერინა და შემდეგ მარიოტში გამიშვა, სადაც ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და კიდევ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან გამაკეთებინა პრეზენტაცია მე თვითონ. სტრატეგია, როგორ უნდა დამეწერა, შევდიოდი ვნახულობდი როგორ იწერება ბევრ მაგალითს, მერე ვკითხულობდი ჩვენთან რა ხდება და ვაწყობდი. დამიძახა და შევუტანე, ვიწყებთ კითხვას – მიწერია ფრაზა ზუსტად აღარ მახსოვს რაზე, მაგრამ ასეთი წყობით: „რაღაცის გაძლიერება“. შემომხედა, ანა სტრატეგიის ნაწილი როგორ შეიძლება იყო რაღაც ასე უბრალოდ გაძლიერება. ჩვენთან ასეთ ფრაზებს წერენ და გადის, მაგრამ ჩემგან არ გავა არცერთი დოკუმენტი, სადაც არ იქნება ნაჩვენები კონკრეტულად როგორ გაძლიერება. გაძლიერება არის შედეგი. სანამ მოხვალთ ჩემთან მეორედ, დაჯექით და რაც გიწერიათ ყველაფერზე დაუსვით თქვენ თავს კითხვა, როგორ, თუ ვერ გაერკვევით, მერე მოდით ჩემთან და მე გეტყვით, როგორ რა. მეორე შესვლაზე მითხრა, ახლა კარგია.

ყველაფერთან მიმიშვა, რამაც დამაინტერესა. ყველაფერში გამომაცდევინა თავი.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანებს ეუბნებოდა, რომ კარგად ვწერ და მე ეს ამბავი მომდიოდა, სულ ჩხუბი გქვონდა ჩემი წერის მანერაზე. წერეთ მარტივად, ისე, როგორც მიყვებით. მე ის თაობა ვარ თემებს ზეპირად რომ ასწავლიდნენ და მოცემულობა, რომ იყო, რომ წერის ენა არქაული და აღმატებულია. ბოლოს გამოსავალი ვიპოვე, დავჯდებოდი, რისი დაწერაც მინდოდა, იმას ვუყვებოდი ჩემ თავს, ვიწერდი და მერე ვწერდი. სულ, ცხადია, არ ვაკეთებდი ასე, მაგრამ, როცა ასე ვაკეთებდი, შენისვნაც ნაკლები იყო.

სანამ კანცელარიაში ვიყავი, კიდევ სამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე მამუშავა – ყველაფერს ვერ გავიხსენებ. ესეც კახასგან ვიცი 🙂 – გრძელი ტექსტი, რაც უნდა საინტერესო იყოს ის,  განწირულია იმისთვის, რომ წაუკითხავი დარჩეს.

ერთხელ ავად ვიყავი და შევედი, ბატონო კახა, თუ არ გჭირდებით, წავალ. სათვალის ზემოდან შემომხედა, ანა მე თქვენ სულ მჭირდებით, მაგრამ თავს მიხედეთ.

მეც სულ მჭირდებით, ბატონო კახა …

  • Kakha Bendukidze

ანა, გილოცავთ დაბადების დრეს, ახალ წელს და გისურვებთ წარმატებას

2013 წლის 2 იანვარი

  • 02.01.2013 12:24

Ana Kvanchilashvili

დიდი მადლობა მეც გილოცავთ ახალ წელს. გამიხარდა ძალიან თქვენი მოლოცვა

2013 წლის 4 იანვარი

04.01.2013 16:23

Kakha Bendukidze

ანა, ჩემი იმედი გქონდეთ ყოველთვის.

Ana Kvanchilashvili

თქვენც მინდა, რომ გქონდეთ ჩემი იმედი ყოველთვის.

ბოლოს ველაპარაკე 22 ოქტომბერს. გავიგე ლექტორობა დაგიწყიათ. გამომკითხა ყველაფერი. მომეჩვენა სევდიანი. ბოლოს მკითხა – მოგწონთ? კი, ძალიან თან – ვუპასუხე. კარგია სტუდენტებთან ურთიერთობა – მომწერა. ამის მერე მივწერე ასეთი წინადადება, რომელზეც აღარ დამიწერა seen.

Ana Kvanchilashvili მალე მინდა ჩამოხვიდეთ ხომ იცით, რომ სრულიად განსაკუთრებულად მიყვარხართ.

ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი, ბოლო თქვენი დავალების ისე შესრულება, როგორც ეს თქვენ მოგეწონებოდათ – ეს იყო ისტორიის სახელმძღვანელო „ოკუპაციის 200 წელი“. უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მე ვერ მივიყვანე ბოლომდე. ეს იყო ერთადერთი დავალება, რომელიც არ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვეცადე ძალიან. ვიფიქრებ ამის მიზეზებზეც და ვეცდები ვიმუშავო იმაზეც, რომ ეს პროექტი გამოვიდეს.

მადლობა იმისთვისაც, რომ თქვენ ისე იცხოვრეთ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერც კი გაბედეს რამე მოეგონებინათ თქვენთვის. ჭორები, უაზრო ჭორები, აი სულ რა გამოვიდა მიუხედავად მათი თავდაუზოგავი მცდელობებისა. პროკურატურაში ვიდექით თქვენ გვერდზე და ვნერვიულობდით, მაგრამ თან გვეცინებოდა – ეს იყო აბსურდი, რომელიც იმდენად სამარცხვინო იყო, რომ ყველას ჩვენ გვქონდა ღიმილიანი სახე. არ ვისურვებდი გამომძიებლის ადგილზე ყოფნას. მეამაყებით.

მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მე სიცოცხლე შემინარჩუნეთ – კახასთან რომ მოვედი, მე მქონდა კვებითი disorder  – პრობლემები მქონდა პირად ცხოვრებაში და ჩავიციკლე დიეტებზე, სრულიად ტუტუცური დაავადება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალურად სრულდება. რა თქმა უნდა, შემატყო და რაღაცეებს შეპარვით მეკითხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების დაძლევას ძალიან ძვირადღირებული მკურნალობა ჭირდება, ჩემ შემთხვევაში ეს მოხდა თავისით – იმდენი საქმე დამახვავა, რომ სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი, სხვა მოტივაციები გამიჩინა და დაავადებაც თავისით გაქრა, ისე, რომ როდის, როგორ და რანაირად მოხდა ეს ვერაფრით გავიგე.

მადლობას, გიხდით ყველაფრისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენთან შევიძინე. მიუხედავად, იმისა, რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და შეიძლება ვიღაცა ვიღაცასთან უფრო ახლოს იყო, უფრო მეგობრობდა, უფრო მეტ საერთოს ნახულობდა, მე ვთვლი, რომ ისინი ყველანი არიან ძალიან კარგები, საუკეთესოები და მე ისინი ყველანი მიყვარს.

ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დამთავრდა. დიდ სიცარიელეს ვგრძნობ და თან უცნაურ სიცარიელეს, რომელიც მავსებს და ძალას მმატებს.

მე გავიზარდე 😦

ანა კვანჭილაშვილი

ყოფილი თანამშრომელი 2007-2013 წლებში

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s