კახა ბენდუქიძის ოცნება

Posted on Updated on

კახაერთხელ კახამ მე და თაკო ქურდაძეს გვკითხა, თუ რა იყო ჩვენი ოცნება, როცა სტუდენტები ვიყავით. გავეცით პასუხი. შემდეგ გვკითხა, თუ რაზე ვოცნებობდით ამჟამად. მე ვუპასუხე, რომ მინდა გადავიღო ფილმი ჩემივე სცენარის მიხედვით. მაგ ამბის მერე რამოდენიმე შეხვედრაზე ახსენა, რომ მე გადავიღებდი ფილმს და ის, რასაც ამჟამად ვაკეთებ, სულაც არ არის ჩემი ოცნება! რაღაცნაირად ჩამრჩა, თითქოს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მის წინაშე და ველოდებოდი იმ დღეს, როცა კახა ჩემს გადაღებულ ფილმს ნახავდა!
იმ დღეს გვიამბო თავისი ოცნებების შესახებაც: მას უნდოდა, რომ მჯდარიყო ლამაზ, თეთრ ოთახში და მის ირგვლივ ბევრ თეთრხალათიან მეცნიერს ეფუსფუსა. ძალიან დეტალურად აღმიწერა ის ოთახი და როცა ვკითხე, თუ რაზე ოცნებობდა ამ კონკრეტულ მომენტში, მიპასუხა, რომ იგივეზე! მას აუხდა ოცნება! მის ირგვლივ ბევრი თეთრხალათიანი მეცნიერი და სწავლული ფუსფუსებდა, რომლებიც სხვებს უზიარებდნენ ცოდნას და გამოცდილებას. მან შექმნა სამყარო, სადაც მეცნიერება აღარ იყო მითოლოგიის ნაწილი, მეცნიერებს შეეძლოთ ემუშავათ მრავალ საინტერესო და მასშტაბურ კვლევაზე, სტუდენტებს კი შეეძლოთ ჩართულიყვნენ რეალურ სამეცნიერო საქმიანობაში.მან გაზარდა თაობები, რომლებიც თითქმის ყველა სფეროში მოღვაწეობენ და არიან ყველაზე ძლიერები და მოტივირებულები, ყველაზე კონკურენტუნარიანები და  წარმატებულები და სხვებსაც ამზადებენ წარმატებისთვის. ხალხი, რომელიც ახლა ქმნის და მომავალშიც შექმნის ამ ქვეყანაში ამინდს, ხალხი, რომელიც შემდეგ სხვებს ასწავლის საკუთარი გამოცდილების მიხედვით.

მან დაანახა თითოეულ ადამიანს, რომ მთავარი მონდომებაა და მერე უკვე აღარაფერი არ შეუშლის ხელს წინსვლაში. კახამ გააცნობიერებინა თითოეულ სტუდენტს, რომ ისინი არავისზე არ არიან დამოკიდებულნი საკუთარი თავის გარდა და ამან გაამართლა. მან შექმნა ფორმულა, როგორ შეიძლება სწრაფვა და იდეა განვითარებისთვის რეალობად აქციო; მან ქვეყანას დაანახა რა არის პროგრესი; მან შექმნა თავისუფლების ყველაზე ზუსტი გაგება!

მას ოცნება აუხდა და ძალიან მალე ჩაუკლეს ეს ოცნება! იგი აიძულეს დაეტოვებინა მისი საყვარელი „თეთრი, ნათელი ოთახი“. დღე არ გავიდოდა არ ეთხოვა, რომ მისთვის გაგვეგზავნა ამ „ფუსფუსის“ ფოტოები! მთელი გულით აქ იყო, აქ ფუსფუსებდა.

არ მეგულება დედამიწაზე მეორე ადამიანი, რომელსაც მუდამ, ნებისმიერ კრიტიკულ თუ ყოფით სიტუაციაში, ჰქონდა ყველაზე ადეკავატური, ლოგიკური და სწორი პასუხი! არ არსებობდა სფერო თუ საკითხი, რომელზეც მისი ხედვა თუ აზრი არ გაგაოცებდა სიზუსტით, სიმართლით და უალტერნატივობით! არ არსებობდა ჩემთვის ჩიხი, იმიტომ რომ ვიცოდი, იყო კახა, რომელმაც ყველაფერი იცოდა, რომელიც ყველაფერს უზუსტესად განსაზღვრავდა. არ ვიცნობ არცერთ ადამიანს, რომელსაც მასთან შეხება ჰქონდა და უზომოდ შეყვარებული და აღტაცებული არ იყოს მისით.

ჩვენ ერთხელ უკვე მოვკალით ილია ჭავჭავაძე, დღეს კი კახა ბენდუქიძე გავწირეთ! თამამად ვამბობ, გავწირეთ. ეს არ მოხდებოდა, რომ აქ მჯდარიყო მის საოცნებო „თეთრ ოთახში“ და „ეფუსფუსა“ ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად!

ვუსამძიმრებ საქართველოს, ვუსამძიმრებ მათაც კი, ვინც ვერასდროს მიხვდება და გაიაზრებს, თუ რა დააკლდათ და დააკლდებათ მომავალში! მაგრამ ერთი რამ ნათელი და ცხადზე ცხადია: შანსიც კი არ არსებობს, რომ მისი ნაკვალები დაიკარგოს, მთელ მომავალს ქმნის და მუდამ შექმნის მისი „ფუსფუსა“ თაობა, მისი მებრძოლი, მოაზროვნე, კრიტიკული, აქტიური, ჯანსაღი, თავისუფალი თაობა და ისინი სხვებს გადასცემენ საკუთარ გამოცდილებას!

მე ვერ ვიპოვე მასთან ერთად გადაღებული ვერცერთი ფოტო, მაგრამ მე ვიპოვე ფოტო, რომელიც გადავუღე, როცა იღიმოდა! მთელი ღამეა ცრემლნარევები ვიღიმით, იმიტომ, რომ ულევია მისი ღიმილიანი ისტორიები!

P.S. ამ პოსტის გადაკითხვის დროს ათასი რამის დამატება მომინდა, ათასი კომენტარის, მოგონების, ჩემი დამოკიდებულების, ფაქტების ა.შ. მაგრამ მივხვდი, რომ მე რაც არ უნდა დავწერო, იმაზე ათასჯერ მეტს თვითონ ისტორია იტყვის! 

გაგა კაპანაძე

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მედია-სტუდიის მენეჯერი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s