ნახვამდის, სეხნია…

Posted on Updated on

lomaia„სეხნიას“ ვეძახდი. 1989 წლის გაზაფხულზე გავიცანი. მოსკოვის ქართული სათვისტომოს შეკრებაზე, ჯერ გივი გუმბარიძეს აგინა, ნაძირალა კომუნისტებო, ეს რა ჩაიდინეთო. მერე ეროვნულ მოძრაობას გადმოწვდა – მომავალი საქართველოს ეკონომიკაზე არ ფიქრობთო. მაშინ, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგე და ბილოგიის ამომავალი ვარსკვლავი იყო.

ხელახლა 2004 წელს შევხვდით, როდესაც მიშას წინადადებას დათანხმდა და ეკონომიკური რეფორმების მინისტრად დაინიშნა. იმ რეფორმებისა, რომლებსაც ახლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწავლობენ.

ის იბრძოდა იმისთვის, რაც ადამიანის პოტენციალს ათავისუფლებს და იმის წინააღმდეგ, რაც მას ზღუდავს.

თუ ვინმეს ფულის თხოვნა, ზრდილობიანი მიკიბ-მოკიბულების გაგება, ყალბი სადღეგრძელოების მოსმენა ან მორიგი „აი-ეს-კანონი-გადაარჩენს-ქვეყანას“ მხარდაჭერა უნდოდა, მასთან არა, სადმე უფრო შორს უნდა წასულიყო. ან, თვითონ გააგზავნიდა. თუ იმის გაგება გინდოდა, რა მიმართებაში არიან ერთმანეთთან გარდამავალი ტიპის ეკონომიკა და პროფესიული განათლება, ან საქართველოზე რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ფიქლის გაზის რევოლუციას, მაშინ, კახასთვის უნდა გეკითხა.

საუკუნეებით და კონტინენტებით აზროვნებდა. ასეთებს აღორძინების ეპოქის ადამიანებს ეძახიან. იშვიათია ისეთი ფუნდამენტური ფაქტი თუ მნიშვნელოვანი სიახლე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ეკონომიკაში თუ პოლიტიკაში, რომლისთვისაც მას ყურადღება არ მიექცია, და რომელზეც მას კომპეტენტური აზრი არ ჰქონოდა. მაგრამ, ეს მისი უნიკალურობის მხოლოდ ნაწილი იყო. მას ყველა ამ მოვლენის დაკავშირება და ისტორიულ პერსპექტივაში დანახვა შეეძლო.

ნამდვილი მსოფლიო მოქალაქე იყო, თავისი ინტერესებისა და კომპეტენციის მასშტაბებით. ამავე დროს, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტი, რომელიც კი ოდესმე მინახავს. მისი მსოფლიო მოქალაქეობა მისი სამშობლოს ეთნოგრაფიის, ისტორიის, კულინარიის, ბუნებრივი თუ არქიტექტურული ძეგლების ცოდნით და სიყვარულით. ის პატრიტოიზმის და კოსმოპოლიტიზმის ვაჟასეული ფორმულის განსახიერება იყო.

ზოგიერთ მდიდარს რომ უსმენ, გაოცებული რჩები, ამან როგორ შეძლო გამდიდრებაო. კახას რომ უსმენდი, ფიქრობდი, ეს როგორ შეიძლებოდა წარმატებული არ ყოფილიყო.

კახამ ძეგლი სიცოცხლეშივე დაიდგა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც მოკვდავმა შეიძლება შთამომავლობას დაუტოვოს. მსგავსი იმისა, რაც ჯონ ჰარვარდმა, ეზრა კორნელმა, ჯეიმს დიუკმა და ნიკოლას ბრაუნმა დატოვეს. იმ ორ ქვეყანას, სადაც იცხოვრა და იმოღვაწა, სამი საუკეთესო უნივერსიტეტი დაუტოვა – ეკონომიკის უმაღლესი სკოლა რუსეთში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საქართველოში.

კახას ყოლა საქართველოსთვის ფუფუნება იყო. გადახედეთ ჩვენნაირ ქვეყნებს, თუნდაც სამეზობლოში და დაინახავთ, რომ ასეთი საერთაშორისო მნიშვნელობის პიროვნება ძალიან ცოტას თუ ყავს. ვერ შევიშნეთ.

რამდენიმე დღეში უნდა ჩამოსულიყო, ჩვენთან სახლში უნდა გვევახშმა. ალბათ, როგორც ყოველთვის, მოვიდოდა „ტოპსაიდერებით“ შიშველ ფეხებზე, მუქი იასამნისფერი „თავისუფალი“ – „აგრარული“ წარწერიანი მაისურით და ტყავის ქურთუკით და თავისი ჟღალი ულვაშების ცმაცუნით გვკითხავდა: „როგორ ხართ, რას შვრებით?“.

ეს შეხვედრა არ შედგა, მაგრამ, არ გაუქმებულა. მხოლოდ გადაიდო.

ნახვამდის, სეხნია.

კახა ლომაია

განათლების ყოფილი მინისტრი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s