„ბენდუქიძე იუდა“

Posted on Updated on

bajelidze 1აბიტურიენტობისას მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფილოლოგი უნდა გავმხდარიყავი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდოდა სწავლა, გონებაში ფოტოც კი მქონდა წარმოდგენილი, რომელშიც პირველი კორპუსის წინ ვდგავარ, ხელში ქართველი ენათმეცნიერების სქელყდიანი წიგნები მიკავია და სხვა ჩემნაირებს ვესაუბრები. მერე ჩვენს სკოლაში თავისუფალი უნივერსიტეტიდან მოვიდნენ და აბსოლუტურად ახალ ფაკულტეტზე გვესაუბრნენ, რომლის გახსნასაც უნივერსიტეტი იმ წელს აპირებდა. სახელიც ჟღერდა „სახელმწიფო მართვის სკოლა“, აბა, ვის არ უნდა, სახელმწიფო მართოს?! მეც ერთბაშად ამომიტივტივდა გონებაში, როგორ ამყარებდა ბავშვობაში ბებიაჩემი იმედებს ჩემზე და მეუბნებოდა, პირველი ქალი პრეზიდენტი შენ უნდა გახდეო და მეც მტრად მხოლოდ ბურჯანაძეს მივიჩნევდი, რომელიც ისევე „უმიზნებდა“ პრეზიდენტის პოსტს, როგორც მე. პრეზენტაციის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არც ფილოლოგობა მინდოდა, არც ჟურნალისტობა, არც ფინანსისტობა და არც არაფერი, უბრალოდ, ძალიან მინდოდა თავისუფალ უნივერსიტეტში მესწავლა.

იქამდე აბიტურიენტობა დიდად სტრესულ საქმიანობად არ მესახებოდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, ვიცოდი, რომ კონკურენცია მაღალი იქნებოდა, მისაღები სტუდენტების რაოდენობა კი მცირე. საბოლოოდ, ჩემმა მონდომებამ გააართლა და 28 აგვისტოს გავიგე, რომ გავხდი სტუდენტი იმ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის, რომელიც მინდოდა.

უცნაურია, რომ პირველი სურვილი, რომელიც გამიჩნდა ბენდუქიძესთან ჩახუტება იყო. ეს სურვილი პირველი შეხვედრის დროს ვერ ავისრულე, იმიტომ, რომ ჩემი მეგობრების ზედმეტი კრეატიულობისა და ჩემი აზარტული ხასიათის გამო, ნაძლევი წავაგე: უნდა მივსულიყავი და ავტოგრაფი მეთხოვა აი, იმ ბენდუქიძისთვის, მიწები რომ ერთ ლარად გაყიდა, ეკონომიკა დააქცია, ხალხი გააღარიბა, ჟურნალისტები ააწიოკა და ა.შ. სასწორის ერთ მხარეს ჩემი იმჟამინდელი ღირსება, მეორე მხარეს კი მომავალი რეპუტაცია იდო. მეც ღირსება ავირჩიე, ავიღე კალამი, ფურცელი და მივედი. ერთი კი გამომხედა ეჭვის თვალით, მაგრამ მერე მიმიჯღაბნა ფურცელზე რაღაც და პირდაპირ მკითხა, რაში წააგეთო. მოკლედ, ჩახუტების ამბავი გადაიდო.

მერე იშვიათად მქონდა შეხება, თვალს თუ მოვკრავდი ხოლმე დერეფანში და ვიფიქრე, ეს ამბავიც მიავიწყდებოდა, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მისალმების საპასუხოდ მკითხა, ვუფრთხილდებოდი თუ არა მის ხელმოწერას. საერთოდ ასეთი იყო, არასდროს არაფერი ავიწყდებოდა.

bajelidzeმერე იყო აგრარული უნივერსიტეტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, სხვადასხვა „ექსპერტები“ დამაჯერებელი ხმით საუბრობდნენ იმის შესახებ, როგორ გაანადგურა აგრარული სექტორი ბენდუქიძემ, რა დღეში ჩააგდო აგრარული უნივერსიტეტი და როგორ გამოურეცხა ტვინი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს. მე და ჩემმა ჯგუფელმა გადავწყვიტეთ, ამ ხალხს გამოვხმაურებოდით და ვიდეო ჩავწერეთ. ვიდეოში ვსაუბრობდით დოდო გუგეშაშვილის ხმებით, დავუშვით ბევრი შეცდომა და ახლა ვფიქრობ, რომ მეც გავღიზიანდებოდი, ჩემი თავი რომ მენახა უცხო თვალით. მაგრამ გაღიზიანებაცაა და გაღიზიანებაც. აბსოლუტურად უცნობი ხალხი გვლანძღავდა, წერდნენ, რომ ჩვენ ვიყავით ბენდუქიძის მონები, სამარცხვინოები და კიდევ ბევრ ცუდ სიტყვას წერდნენ. მახსოვს, მთელი ღამე გავათენე კომპიუტერთან და თავისუფალი უნივერსიტეტის PR-ს, დათო გორგილაძესაც გავათენებინე, რათა ერთად „გვებრძოლა“ შეურაცხმყოფელი კომენტარებისა თუ კომენტატორების წინააღმდეგ.

მეორე დღეს გავიგეთ, რომ კახა ბენდუქიძეს უნდოდა ჩვენი ნახვა. მიზეზი არ გვითხრეს. მე და თეკლამ ისიც კი ვიფიქრეთ, რომ გვარიანად გამოგვლანძღავდა ამ ჩვენი ცანცარის გამო და გამოგვიშვებდა, მაგრამ სულ სხვა რამ მოხდა.  ბენდუქიძემ გახსნა რომელიღაც ფორუმში მის შესახებ გახსნილი თემა და წაგვიკითხა, რას წერდა მასზე ხალხი. ცენზურისა თუ ეთიკის ნორმების დაცვის გამო, იმის მეასედსაც კი ვერ ვიტყვი, რაც იქ ეწერა. ბენდუს ჩვენს რეაქციებზე ეღიმებოდა და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გვიკითხავდა მის ლანძღვას. ბოლოს მოგვიბრუნდა და გვითხრა, რომ ნებისმიერი კარგი საქმის კეთებისას, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც არ მოვეწონებით, და რომ ჩვენ თვითონ უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. გვითხრა, რომ თვითონ ასეთი რამეები გულთან ახლოს არ მიჰქონდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ცხოვრებაში არაფერი არ უნდა ეკეთებინა სახლში ჯდომის გარდა. ზუსტად ვიცი, რომ მაშინ ბენდუქიძემ მომატყუა, იმიტომ, რომ ისიც ზუსტად ვიცი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც განიცდიდა ამ ყველაფერს.

საუბრის ბოლოს გახსნა უჯრა, რომელშიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, პატარ-პატარა საჩუქრებს ინახავდა ხოლმე და ორი ყუთი ამოაძვრინა. ერთი დიდი და ლამაზი ყუთი იყო, მეორე პატარა. არჩევანი ჩემზე იყო და მეც, რა თქმა უნდა, დიდი ავირჩიე, პატარა თეკლას მივეცი. საათები იყო. Hello kitty-ს თეთრი და ვარდისფერი საათები. გვიან მივხვდი, რომ მეც, თეკლასაც და სხვა სტუდენტებსაც ბენდუ ბავშვებით გვიყურებდა, ძალიან პატარა ბავშვებივით, რომლებსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდებათ. ეს საათებიც ამის გამოძახილი იყო.

მერე კიდევ ერთი პროექტი იყო, რომელშიც რამდენიმე სტუდენტები ჩაგვრთო. კახას ძალიან უნდოდა ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნა სკოლის მოსწავლეებისთვის, რუსეთის ორასწლიანი ოკუპაციის შესახებ. ამბობდა, რომ არსებული სახელმძღვანელოები ტენდენციური და უინტერესოა, რომ ბავშვებს არ უყვართ და არ იციან ისტორია სწორედ ამის გამო.

ჩვენც ვიკრიბებოდით მის კაბინეტში და იდეებს განვიხილავდით, როგორ სჯობდა ამ ყველაფრის დაწერა. და მე მთელი გულით ვბრაზდებოდი მის თანაშემწე მაკაზე, რომელიც დროდადრო შემოდიოდა და ახსენებდა, რომ სხვა შეხვედრის დრო მოახლოვდა.

ერთი შეხვედრის დროს, რაღაც თემაზე აზრის გამოთქმისას მოულოდნელად მკითხა: „რატომ შფოთავთ?“. ვერ მივხვდი, რა უნდოდა და ვუთხარი, დილიდან აქ ვარ და დავიღალე-მეთქი. „არა, თქვენ სულ შფოთავთ, განუწყვეტლივ. მეც ასე ვშფოთავდი ხოლმე, როცა არ ვიცოდი, რა მინდოდა. თქვენ იცით, რა გინდათ?“, ჰოდა, არც ვიცი რატომ, მაგრამ ვუთხარი, გურული ვარ და ალბათ, მაგიტომ ვშფოთავ-მეთქი. გამიღიმა, ეგ ბევრ რამეს ხსნისო.

ახლა რომ მენახა, ვეტყოდი, როგორ ძალიან მიყვარს, რომ საშუალება მომცა ყველაზე კარგ უნივერსიტეტში მესწავლა. მეთქვა, რომ 2011 წლის 28 აგვისტოდან მინდა მასთან ჩახუტება. რომ ბევრჯერ გავბრაზებულვარ მის გამო, რომ ძალიან პირდაპირი და ხისტია. მეთქვა, რომ მეც მინდა მასთან ვმუშაობდე, შუაღამემდე ვჩხუბობდეთ და ვიცინოდეთ. ვუთხრა, ზუსტადაც ვშფოთავ, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა მინდა. რომ უსამართლოა, ასე მოულოდნელად რომ წავიდა. რომ ფუმფულა, ულვაშებიანი და ბუზღუნაა.bb1

შუაღამის 4-ის ნახევარი იყო, ანი მილაშვილმა რომ დამირეკა და მითხრა, კახა გარდაიცვალაო. მეძინა. პირველივე, რაც გამახსენდა მისი ნაჩუქარი საათი იყო, ავდექი და დრო ზუსტად 03:30-ზე გადავწიე, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან დიდი დამთავრდა მაგ დროს.

მარიამ ბაჯელიძე

თავისუფალი უნივერსიტეტის

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s