კახა ბენდუქიძე გაბრაზებულია

Posted on Updated on

არ მჯერა, რომ ამბობენ გარდაცვლილი ადამიანები თვალებს აკლდებიან, გულს კი – არაო. ტყუილი მგონია ეგ ამბავი. გულს რომ აკლდებიან, სწორედ იმიტომ განვიცდით მათ სიკვდილს, თორემ უნახავობას კიდევ აიტანდა კაცი. გულია მთავარი. თვალები მეორეხარისხოვანია. მერედა, გული როცა გწყდება, მაშინ გახსენება ყველაფერი – კარგიც, ცუდიც, მაგრამ ბუნება მაინც ისეა მოწყობილი, რომ კარგი უფრო გახსენდება, ვიდრე ცუდი; მაშინ გექაჩებიან იქამდე უხილავი ძაფები, რომლებიც თურმე გარდაცვლილთან გაკავშირებდა. ასეთი გახსენებები კი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, სულ პირველი კადრიდან იწყება.

milashvilsოთახში რომ შევედი, კახა ბენდუქიძე საკუთარ მაგიდასთან თავდახრილი იჯდა და ღრმად სუნთქავდა. ეს კაცი იქამდე მხოლოდ ტელევიზორში მენახა – ან ჩხუბობდა, ან ვინმეს ლანძღავდა. ბოლოს რომ ვნახე, სხვა ამპლუა ჰქონდა მორგებული – ახალგაზრდებს პროცენტების გამოანგარიშებას ავალებდა. მოკლედ, შიშის ზარს სცემდა დედიან – ბუდიანად ყველას. იმ მომენტში კი ეს კაცი, ადამიანი ობობას მოწინააღმდეგე უილსონ ფისკს, ანუ კინგპინს რომ ვამსგავსებდი, სავარძელში მოკალათებულიყო და ჩემს რეზიუმეს კითხულობდა. მის სახეს საწერი მაგიდის მარჯვენა კუთხეში მდგარი ღამის სანათი ანათებდა, საბჭოური სიმბოლიკითა და ზედ მიკრული ზიგმუნდ ფროიდის ნაჭრისგან დამზადებული თოჯინით. სანათის შუქს შიგადაშიგ ირეკლავდა ბენდუქიძის სათვალე. ცალმხრივი მისალმება გამოგვივიდა – ჩემს თავაზიან გამარჯობას მხოლოდ თავდახრილი სიმშვიდით უპასუხა. ვიფიქრე ვერ შემამჩნია – მეთქი და ჩახველება დავაპირე. ამასობაში კინგპინს ხმადაბლა გამოსცრა: „დაბრძანდით“.

[ამ შარიან ამბავში გიორგი მელაძემ გამხვია, თავისუფალი უნივერსიტეტის იმჟამინდელმა კანცლერმა. ჩვენთან ხომ არ გადმოხვიდოდიო – წერილი მომწერა. მაშინ პრეზიდენტის პრეს სამსახურში ვმუშაობდი უფროს სპეციალისტად და ბოლო ხანებში არ მასვენებდა აზრი, რომ იქ საკუთარი თავი ამოვწურე. „რატომაც არა?“ – ვთქვი გულში და გასაუბრებაზე წავედი].

ბენდუქიძემ CV ბოლომდე რომ ჩაიკითხა, ღიმილნარევი სახით შემომხედა, ულვაშები ააცმაცუნა:

– რაზე ოცნებობთ? [თქვა და ისევ ფურცლისკენ წაიღო თვალები, იქნებ პასუხი აქვე წერია და გამომრჩაო – ალბათ იფიქრა]
– ოსკარზე.
– ოსკარს ფილმის გადაღებისთვის მოგცემენ თუ სცენარის დაწერისთვის? აქ წაკითხულის მიხედვით, მსახიობობა არ უნდა გინდოდეთ.
– ორივესთვის, ორი ოსკარი მინდა [სიმართლე ვუთხარი].
– როდის აპირებთ?
– რაც შეიძლება სწრაფად.
– გურული ხართ?
– არა.

და ასე. საუბარი ზედმეტად ტკბილად წავიდა საიმისოდ, რომ მალე დამთავრებულიყო, ამიტომაც, მისი იმჟამინდელი ასისტენტი, რომელსაც ამოტეხილი ხმით გასძახებდა ხოლმე: „ტუკიიი“, შიგადაშიგ შემოდიოდა და მომდევნო შეხვედრის ამბავს ახსენებდა. ვილაპარაკეთ ყველაფერზე – ჩემს ხედვაზე [იმ შემთხვევაში თუკი ამ პოზიციას დავიკავებდი], ლუარსაბ თათქარიძეზე, გარსია მარკესზე, მეტროს ესკალატორთან, ჯიხურში მჯდომ ქალბატონებზე, მაგიურ რეალიზმზე, ოცნებებზე და კიდევ 1000 რამეზე. რა თქმა უნდა, იუდაზეც ვთქვით ორი-სამი სიტყვა, ისე არ გამოვიდოდა. უცაბედად, ასე ლაპარაკ-ლაპარაკში გავაცნობიერე, რომ ეს კაცი, აქამდე რომ მითიური მონსტრი მეგონა, ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ყოველთვის არ ჩხუბობს და კარგად, უფრო სწორად მაგრად ხუმრობს. ამ გარდასახვამ კითხვა-პასუხში გამათამამა, VA BANQUE-ზე წავედი და მასზე გავრცელებული ერთი ვაზისუბნური, მის ქება-დიდებას მოკლებული ანეკდოტი მოვუყევი. დაძაბული მისმენდა, ქვედა ტუჩი წინ გამოწია, თვალები მოხუჭა და ღრმად სუნთქვას მოუხშირა. მოყოლას მოვრჩი. ჩუმადაა. უფრო და უფრო ღრმად სუნთქავს. ნელ-ნელა მიმძაფრდება იმის განცდა, რომ ნეხვი ვჭამე. და მაშინ, როცა შევეგუე, რომ მოკვარახჭინებული გასაუბრება  ბოლოჟამს გავაცუდე, მომესმა მისი სიცილის მჭახე ხმა, რომელმაც მთელი კაბინეტი ერთბაშად მოიცვა და ოდნავ შემაშინა კიდეც, ხოლო როცა გაკვირვებულმა მისკენ გავიხედე, დავინახე, რომ ბენდუქიძე მთელი ტანით იცინოდა. და იცინოდა დიდხანს.

me da kaxa 2„თქვენ მე გამომადგებით“ – ამ სიტყვებით დამემშვიდობა. ეს მოხდა პარასკევს. პარასკევის შემდეგ კი, ჩემგან არ გესწავლებათ, ორი უქმე დღეა. ორშაბათს, დილით, Facebook-ზე მომწერა, ვებ-გვერდებში გაერკვიეთო? მეთქი – დიახ. რაღაც არ დაეტყო თქვენი ხელიო. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ამოუცნობ შარში [ამ სიტყვის ყველაზე კეთილშობილი გაგებით] გავყავი თავი. შარში, რომლის შემქმნელმაც ცხოვრებაში იმდენი რამ მასწავლა, რამდენსაც სხვები მთლიან სიცოცხლეს ანდომებენ; შარში, რომელმაც მომენტალურად მხრებზე მოგდებული დიდი სიმძიმე და მის დასაძლევად მოვარდნილი ზღვა ენერგია მაგრძნობინა.

13 ნოემბერს, როცა მისი სიკვდილის შესახებ ხმა გავრცელდა, არ დავიჯერე და Skype-ში მივწერე: „ბატონო კახა, აქ ხართ?“, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი უწინდელივით მიპასუხებდა – კი, ხოლო ეს ამბავი კი მისი მოძულეების მიერ დარხეული ხმა იქნებოდა, რომელზეც მოგვიანებით ერთად გულიანად გავიცინებდით, როგორც იმ ლანძღვა-გინებაზე გვაცინებდა ხოლმე, რომლითაც Facebook-ის წერილთა ყუთს უვსებდნენ. არ მიპასუხა… გამთენიისას, ფიქრი როცა შევძელი, საკუთარ თავს ვკითხე: როგორ ადამიანად დარჩება კახა ჩემს მახსოვრობაში? უკვე გვარიანად გათენებული იყო, როცა მივხვდი, რომ ამ კითხვას შინაარსი არ გააჩნია. რატომ? აგიხსნით: ზოგჯერ, 1 საათის განმავლობაში, ბენდუქიძეს შეეძლო ორმოცდაათი სხვადასხვა ხასიათის გამოვლინება და კამათის გარეშე – ორმოცდაათივე მისი იყო, ნაღდი და წყალგაუმტარი. Libri Magni-ის თათბირებზე ჯერ მოლიერის გმირის ნიღაბს ირგებდა, მერე მეორე გმირის პოზიციიდან გელაპარაკებოდა, მერე სტუდენტის, მერე ლექტორის, უცებ – მენტორის, მერე აუტანელი უფროსის – გვეჩხუბებოდა, მერე წარუმატებელი ბიზნესწამოწყების გამოცდილებას გაგვიზიარებდა, მერე ხუმარა კაცი ხდებოდა და მუცლის ტკივილამდე სასაცილო ამბავს მიაბამდა.  და ასე, და ასე. გვიანობამდე, შუაღამემდე. ხშირი იყო, რომ საღამოხანის შეხვედრებზე მის კაბინეტში ნივთებიც კი იძაბებოდნენ. საქმის კაცი იყო კახა. ჯერ საქმის და მერე იუმორის. შეიძლება შუაში იუმორის, მაგრამ ბოლოს მაინც საქმის. ასეთი მაღალი ძაბვის დროს, ვითარების განიავების უნივერსალური, ნაცადი გზა არსებობდა – რომელიმე ცხოველის თავისებურებაზე შეკითხვის დასმა. ამ დროს გაირინდებოდა, თვალებს მოხუჭავდა, შენს აფიორას მიხვდებოდა [აღნიშნავდა კიდეც] და დიდი რუდუნებით გაგცემდა პასუხს. ეს ერთგვარი დამამშვიდებელი იყო მისთვის. მსუბუქი ნარკოტიკის მსგავსი.

ერთხელ ჩემ მიერ ჩაწერილ, მაგრამ დღემდე გამოუქვეყნებელი ინტერვიუს დროს მითხრა: „როცა საქართველოში ჩამოვედი, დარწმუნებული ვიყავი, რომ 2 წელიწადში მთელი საქართველო შემიძულებდა – უკლებლივ ყველა. რადგანაც ის რეფორმები, რომლის გატარებასაც ვგეგმავდით, საკმაოდ მტკივნეული იყო. ჩამოსვლიდან 2 წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბევრს ვძულვარ, მაგრამ ყველას არა. ამის გამო ვიფიქრე, რომ რაღაც შემეშალა, რაღაც ვერ გავაკეთე ბოლომდე“.

me da kaxa 1მართალი კაციც იყო კახა – ძალიან ბევრს სძულდა. მაგალითად ჩემი მეზობლების უმეტესობას, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი ხაზს უსვამდა მის ინტელეტუალურ წონასა და ალღოს. ერთხელ ვკითხე, გძულდეს, მაგრამ აფასებდე, ეგ რა ფენომენია – მეთქი და აზრზე არ ვარო. 13 ნოემბრის მერე, როგორც ქართველებში მიღებული წესია, აღმოჩნდა, რომ რამდენსაც სძულდა, ერთი იმდენსაც ჰყვარებია. მისი სამძიმრის წიგნმა ასაკი და იერარქია გააქრო. ჩაიხედეთ, ის კამპუსის ფოიეში დევს. კახას გულითად მადლობას უხდის მაღალანაზღაურებადი პროფესორიც და ტექნიკური სამსახურის დაბალანაზღაურებადი თანამშრომელიც იმ ძირფესვიანი ფერისცვალების გამო, რაც მან აგრარულ უნივერსიტეტს გაუკეთა. ზოგიერთ ფურცელს კი ბორცვებად ატყვია ცრემლით დასველებული და შემშრალი ადგილები.

ყოველთვის სიამტკბოლობაში არ მიდიოდა ჩვენი საქმე და ურთიერთობა. იყო წუთები, როცა ყველაფრის ხალისს მიკარგავდა, ვფიქრობდი, იქნებ გორგილაძეების ისედაც ფეთქებად ნერვებად არ მიღირს აქაური საქმე – მეთქი. წასვლაც ბევრჯერ დამიპირებია. ერთხელ #117 სამარშრუტოში ვზივარ. დამირეკა და მაგრად მეჩხუბა. მიქარული მქონდა. კითხვებს მისვამდა, ვერ ვპასუხობდი [პრეს-პრესის ერთი გადაცემის ჟურნალისტები იოლად გამიგებენ]. მივწერე, აჯობებს სამსახურიდან წავიდე-მეთქი. ეგრევე გადმომირეკა და 15 წუთის განმავლობაში მიხსნიდა, რომ მე მნიშვნელოვანი ვარ იმ საქმისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ და მეტი ყურადღება მომეთხოვება მეც და მასაც. ბოლოს კი დააყოლა: „არ გეწყინოთ“.

სიტუაციური თამაშების კაციც იყო კახა: მის კაბინეტში ვსხედვართ მე და ერთი კაცი, რომელთან ერთადაც რაღაც ამბავს ვაკვარახჭინებდით. უცებ მაგრად დამიცაცხანა. მეთქი – რა შუაში ვარ?! ამჯერად ნაღდად სუფთა ვიყავი. არ დამიწყია გამოძიებები და ჰარიქა მე მართალი ვარ ბატონო ჩემოები, ავდექი და ჩემს სამუშაო მაგიდასთან მივედი,  Skype-ში კი მისი წერილი დამხვდა: „დათო, მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო. თქვენ არაფერ შუაში იყავით. სინამდვილეში მას ვეჩხუბე“.

თანამშრომლების მიმართ კახა მეგობრული იყო იმდენად, რამდენადაც შენ იყავი შრომისმოყვარე. ამ მხრივ მე ანომალია, თუ გამონაკლისი გახლდით მის გარემოცვაში. ზოგიერთ დავალებას, რომელსაც გულს ვერ დავუდებდი, არ ვასრულებდი, მაგრამ მაინც მემეგობრებოდა – მის ამ დამოკიდებულებას ვერავინ ხსნიდა, ვერც მის სიცოცხლეში, ვერც ახლა. მიბარებდა, მაგრად მეჩხუბებოდა, ნამუსზე მაგდებდა, მარიგებდა. „მესმის, ეს თქვენთვის რუტინაა, მაგრამ იქნებ შემოქმედებითად შეხედოთ“ – უთქვამს ხშირად. მეტიც, ცდილობდა ნაკლებად მშრალი დავალებები მოეცა. ხანდახან საჭირო რჩევებს მაძლევდა: „გაიხსენეთ ბრეხტი“, ზოგჯერ მოჭრილად მპასუხობდა: „დათო, წერა დაგავიწყდათ თუ რა ნაგავია ეს?“, იყო ასეთი, ლაკონიური და ბევრისმთქმელი წერილებიც: „დათო, ბრავო“.

RE9A2587ამდენი ნერვის წყვეტას ამ ფულით 1000 სახინკლე გაგეხსნათ – მეთქი, ინტერვიუში ვკითხე და ასე მიპასუხა: „ჩემს ებრაელ ნაცნობს, რომელსაც ბევრი მილიარდი დოლარი აქვს, ვკითხე: გამუდმებით ერთისა და იმავეს კეთება არ გბეზრდება-მეთქი? მან კი მიპასუხა, სხვა არაფრის კეთება არ ვიციო. მართლაც, თუ სხვა არაფერი იცი, მაშინ მუდმივად ბიზნესი უნდა აფართოვო, აფართოვო, აფართოვო… თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებული ყველა ფული შენი ვერ გახდება.
ერთ ფილმში, შეკითხვაზე, თუ რატომ არის დაკავებული ბიზნესით, პერსონაჟი პასუხობს: „ეს თამაშია და გაიმარჯვებს ის, ვისაც სიკვდილის წინ მეტი ფული ექნება“. მართლაც ასეა – არსებობს ხალხი, ვისაც 70, 30, 20  მილიარდი აქვთ. ამ ფულის პირადი მოხმარებისთვის დახარჯვა შეუძლებელია. ერთმა ინდოელმა 1 მილიარდის ღირებულების სასახლე აიშენა და აღარ იცის დანარჩენ ფულს რა უყოს. ამიტომ, შეგიძლია ეს ფული მოახმარო იმას, რაც გაინტერესებს. ჩემი აზრით, საფლავში ფულის ჩატანას აზრი არ აქვს“.

კახას განათლება აინტერესებდა. უფრო სწორად, მისი მიზანი იყო, რომ ყველაზე ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება ყველას ჰქონოდა – მდიდარსაც და ღარიბსაც; დედაქალაქელსაც და სოფლად მცხოვრებსაც. ბენდუქიძეს სწამდა, რომ მოწადინებული ახალგაზრდები არ უნდა დაჩაგრულიყვნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებმა ბევრი ფული ვერ მოაგროვეს. ამ რწმენით, მან ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარი ჯიბიდან, გულიდან და ენერგიის მარაგიდან გაიღო ყველაზე მეტი, ვიდრე ოდესმე ვინმეს გაუცია.

საბოლოოდ, როცა ვცდილობ გავარკვიო, თუ ვინ დავკარგეთ სინამდვილეში, ეგრევე უცნაური პასუხი მომდის – ალბუს დამბლდორი. დაუკვირდით: თავიანთ საქმეებში ორივენი ლომები იყვნენ; ორივემ დიადი, სიცოცხლისუნარიანი სასწავლებლები დატოვა;  სტუდენტებს ერთნაირად უყვარდათ და სიკვდილის ღამეს ორივე სინათლეებით გააცილეს, მეორე დილით კი კამპუსში ისეთივე სიცარიელე იგრძნობოდა, როგორც ჰოგვარტსში; მათი კაბინეტები სავსე იყო საინტერესო ნივთებით; თითქოს ორივეს შეეძლო ყველა გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნა; ორივე კაცობრიობის მტერს ებრძოდა: დაბლდორი ვოლდემორს, ბენდუქიძე კი – ბორკილებს.

დათო გორგილაძე

თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი

Advertisements

5 thoughts on “კახა ბენდუქიძე გაბრაზებულია

    Katiee said:
    01.12.2014, 21:02

    გორგილ ❤ როგორც ყოველთვის შეუდარებლად დაწერე ყველაფერი.

    Like

      Liza said:
      02.12.2014, 02:00

      ძალიან კარგი, მრავლისმთქმელი,თბილი და საინტერესო წერილია ! გამორჩეულად მომეწონა გამოქვეყნებულ წერილებს შორის ლიზა ციციშვილი

      Liked by 1 person

    Archil Mikelashvili said:
    02.12.2014, 16:46

    არა, ეს ბიჭი რომ წერს ტყუილია რაა…

    Like

    georobot said:
    04.12.2014, 22:59

    Albus Percival Wulfric Brian Dumbledore
    Lord Voldemort

    Like

    salome said:
    05.12.2014, 21:57

    ამ გვერდზე რომ შემოვდივარ უსაზღვროდ ვიმუხტები ❤

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s