1-ლი აპრილიდან 13 ნოემბრამდე

Posted on Updated on

– ბექა, მითხარით, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?
არადა, არ მიფიქრია იმაზე, რომ ამ შეკითხვას დამისვამდა. ჩემი მეგობრებისგან გამიგია, რომ ასეთ კითხვებს სტანდარტულად სვამენ საჯარო სამსახურში გასაუბრებებზე და აქ არ ველოდებოდი. შესაბამისად არც მოვმზადებულვარ. ცოტა დავიბენი.
– რა გითხრათ, აბა… ალბათ ის, რომ ჩქარა ვლაპარაკობ და ბევრს… – წავიბჟუტურე.
– ნუ, არაა ეს სერიოზული პასუხი. თქვენი პროფესიიდან გამომდინარე ბევრს უნდა ლაპარაკობდეთ ისედაც და ჩქარა ლაპარაკი რატომაა ნაკლი ვერ გავიგე? ეს იგივეა რომ გეთქვათ, ხინკალი არ მიყვარს და ჩემ ნაკლად მივიჩნევო.

მიკვირდა. ამ კითხვებს საჯარო სამსახურებში რომ სვამენ ძირითადად ასე პასუხობენ – ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები მთავრდება მე ვრჩები სამსახურში და მეორე დღის ეჯენდას ვაკეთებ, თუმცა ეს ისე მღლის, რომ შემდეგ ვეღარ ვარ პროდუქტიული და ვერ მოვიშორე ეს ჩვევა… და რა თქმა უნდა ეს სასაცილოა.

2გავიდა თვეები და მიხვდი ეს კითხვა რატომაც დამისვა. მარტივად, აინტერესებდა, ასეთ ან მსგავს სისულელეს ვუპასუხებდი თუ არა. რა კარგია, რომ მაშინ ცოტა დავიბენი.

გასაუბრებიდან უკმაყოფილო წამოვედი. ჩავთვალე, რომ მისვლამდე სათანადოდ არ მოვემზადე და კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთე – უფრო კეთილი კაცია მგონი ეს ბენდუქიძე, ვიდრე მეგონა.

მე ტელევიზიაში ვმუშაობდი და მომწონდა ის, რასაც იქ ვაკეთებდი, თუმცა, როდესაც უნივერსიტეტს კიდევ შეუტიეს და კახა დაკითხვაზე დაიბარეს, ძალიან მძაფრად მომინდა იქ ყოფნა. ყველაზე მეტად მაშინ, როცა კადრებში ვნახე, ასობით თუ ათასობით ადამიანი როგორ ელოდებოდა კახა ბენდუქიძეს გარეთ.

შეტევამ გადაიარა და მეც მალევე დამირეკეს.

იყო პირველი საქმიანი შეხვედრა. როგორ მახსოვს – ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან და ხელში პორტაბელური პროექტორი ეჭირა, რომელიც ტელეფონში ქონდა შეერთებული და გვაჩვენებდა. სკოლებში პრეზენტაციებზე ხომ არ დავნერგოთო.

შეხვედრის შემდეგ ახალი აღმოჩენა გავაკეთე – ხანდახან მგონი ცოტა ბავშვურია.

ისიც მახსოვს, შეხვედრების დროს, როცა რაღაცას მეკითხებოდა და მე პასუხის გაცემას ვიწყებდი, მესიჯობდა. გულში ვბრაზდებოდი, რატომ არ მისმენსთქო. მერე უცებ, ისე, რომ არც შემომხედავდა ჩემი მონაყოლიდან რაღაც კითხვას მისვამდა და და თან ძალიან სიღრმისეულს…

თუმცა, კახა ბენდუქიძე პირველად 10 წლის წინ აღმოვაჩინე. მზეში ვმუშაობდი მაშინ, სტუდენტობის დროს. ღამის საინფორმაციოს ჩაერთო, გრეჩიხას რომ უთხრა, პაშოლ ნა ხუიო.

საეთეროში ვინც ვისხედით ყველა შეშფოთდა, მათ შორის მეც. დედაააა, ეს როგორ იკადრა მინისტრმათქო.
ამის მერე მალევე მომიწია ინტერვიუს ჩაწერა. ინტერვიუ რა, ამას სატელევიზიო ენაზე სინქრონი ქვია. მიკროფონს რომ მიუშვერ და უცებ რომ კითხავ რაღაცას.

მოამბეში ვარ ახალი გადასული და თამუნა ბაღაშვილი აკეთებს სიუჟეტს. უცებ მეძახის, ბექა, ბენდუქიძის სინქრონი მჭრდება, წადი კანცელარიაში და ჩამიწერეო.

დამაბარა კითხვა. დავიზეპირე, იმიტომ, რომ აზრზე არ ვიყავი რაზე აკეთებდა სიუჟეტს. მერე მოვბრუნდი, კითხვა რომ შემომიბრუნოს რა ვქნათქო? ადგა თამუნა და სიუჟეტის ტექსტი მომაწოდა. გზაში ვკითხულობდი და ტექსტს და ვცდილობდი მიხვედრილიყავი კონტრკითხვაზე როგორ უნდა დემეზუსტებინა საკითხი. ლიფტთან დავუდარაჯდი, როგორც სხვები, გამოცდილი ჟურნალისტები. 20-21 წლის ვარ მაქიმუმ.

გაიღო კარი, გამოვიდა. მივვარდი.
– ბატონო კახა, კითხვა მაქვს.
– მკითხეთ მერე, – იღიმება.
ვაიჰ, აღარ მახსოვს არაფერი, ეს ის კაცია, მინისტრი როა და პაშოლ ნა ხუის რომ იძახის, პირი გამიშრა.
– ბატონო კახა, მე მაინტერესებს… – დრო გამყავს, თან თვალს ფურცლისკენ ვაპარებ.
და როგორც იქნა ამოვილუღლუღე.
მშვიდად მიპასუხა.
გზაში ოპერატორი მეუბნებოდა, გაგიმართლა, რომ კარგ ხასიათზე იყოო.

ისე დაემთხვა, რომ როდესაც უნივერსიტეტში გადავედი სამუშაოდ, კახას ხშირად უწევდა საზღვარგარეთ სიარული. მერე, მალევე წავიდა. მის შესახებ ისტორიებს ძირითადად თანამშრომლებისგან ვისმენდი. ვხდებოდი, რომ მასთან მუშაობით ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაიზარდო და ძალიან ბევრი ისწავლო.

მაშინ ამ არც თუ ისე ხშირ კონტაქტს არ გავნიცდიდი. „სულ აქ არ იქნება? სექტემბიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყება და ბევრ რამეს გავაკეთებთ ერთად…“

ბოლოს ძირითადად კონტაქტი მეილეით გვქონდა.

ზოგადად, კახას მეილები ცალკე თემაა. გრძელ წერილზე, როდესაც ასევე დიდ პასუხს ელოდები, შეიძლება მხოლოდ „OK“ ან კიდევ უფრო მოკლე 🙂  მოეწერა.

ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა რობოტების ბრძოლის ორგანიზებაზე გვქონდა. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ შეჯიბრი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ გაგვეკეთებინა.
– არა, ბექა, რას ბეუბნებით, სად რობოტები და სად ფეხბურთი?
– საინფორმაციოების სპორტული ბლოკები ისედაც გადატვირთულია, ჯობია, როცა ნიუსს სპორტის თემის დეფიციტი ექნება მაშინ გავაკეთოთ, უკეთესად გაშუქდება.

დავამთავრე და ვუყურებ რას მეტყვის.
– ბექა, თქვენ მე სირი გგონივართ?
– ააააარა, ბატონო კახა…
– აბა, რატომ არ მიჯერებთ?
– გიჯერებთ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ბოლომდე არ გეთანხმებით.
– მაშინ დაგეგმეთ ისე, როგორც თქვენ თვლით საჭიროდ.

მახსოვს, როდესაც ტურნირი მოეწყო როგორ გამოვიდა ეზოში და გულშემატკვრობდა ჩვენი სტუდენტების შექმნილ რობოტს.
KB1მე მას შემდეგ არ მინახავს. მეორე დღეს მივლინებაში წავედით რამდენიმე თანამშრომელი. რომ ჩამოვედი უკვე საზღვარგარეთ იყო წასული. როგორც შემდეგ აღმოჩნდა დიდი ხნით. წავიდა იმისთვის, რომ ისევ ჩართული ყოფილიყო საუნივერსიტეტო საქმეებში, დისტანციურად, თუმცა უფრო მშვიდად.
ცოტა ხსნით ადრე იყო პიკნიკი ბაზალეთზე. გემრიელი მწვადი და არაფორმალური გარემო. ზუსტად აქ შემორჩა ერთადერთი შემთხვევით გადაღებული ფოტო, რომელშიც მე და კახა ერთად ვართ.
კიდევ 20 აპრილი მახსოვს. კახას დაბადების დღე. 20 დღის მისული ვიყავი უნივერსიტეტში, ბევრს წესიერად ჯერ არ ვიცნობდი. ყველას ეცვა ცნობილი მაისური კახას კარიკატურით და წარწერით I ❤  Bendu!
ჩაიცვამო, მკითხეს.
აბა რა თქო.

ავიღე მაისური და მიჭირავს ხელში. რომ ჩავიცვა, რაღაც ზედმეტი ფამილარობა გამომივა, არ ჩავიცვა – ყველას აცვია და რაღაც არასწორია.

ავიღე და ზუგრზე მოვიცვი.

ნეტა ჩამეცვა. რა ფამილარობა. სიურპრიზის შინაარსი ის იყო, რომ უნდა შემოსულიყო მუზეუმში და იქ ყველა დავხდებოდით, ტორტით და სანთლებით. მგონი მიხვდა რასაც ვაპირებდით და ძალიან გვიან შემოვიდა. გაგვიღიმა. შეეტყო, რომ გაუხარდა.

თავშიც ვთქვი, შეხვედრებისას ხშირად მიფიქრია, რომ ხანდახან მართლაც ბავშვური იყო. ყველას გახსოვთ ალბათ ის ცნობილი ვიდეო, როდესაც მის წინააღმდეგ აქციას აწყობენ ვიღაცები. შუა ინტერვიუს დროს პაუზას აკეთებს, სათვალეს იხსნის.

„შემაფურთხეს“ – ამბობს ძალიან ნაწყენი და გაბუტული.

რამდენი ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც კახა ლაპარაკობს საკუთარ დაკრძალავზე, პანაშვიდზე… თუმცა, მე ამაზე მიჩუყდება ყველაზე მეტად გული.

როგორ არ უნდა წყენოდა. მინისტრობის შემოთავაზებამდე რამდენიმე კვირით ადრე ერთი დილემა ქონდა, სად გაეგრძელებინა მშვიდად ცხოვრება, ესპანეთში თუ საფრანგეთში.

ბოლო ერთი კვირაა ვხედავ, რამდენ ადამიანს ყვარებია – ნაცნობს თუ უცნობს.

ნუ, იუდა უკვე სასაცილო იყო, მაგრამ აი, თითქოს ჭკუა რომ მოეკითხებათ, ეგეთებიც ხომ იმეორებდნენ რაღაც მითებს.

კახამ კარგად იცოდა რეალობასთან შეგუება. ყოველთვის მოცემულობიდან გამომდინარე აკეთებდა საქმეს. ამიტომ, ალბათ გადაწყვიტა, რომ ამაზე აღარ ენერვიულა, რომ ფეხებზე ეკიდა საკუთარი რეიტინგიც და ისიც, თუ რას იტყოდნენ მისი გარდაცვალების შემდეგ მასზე.

არადა მგონია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც სადღაც, გულის სიღრმეში ამას არ განიცდიდეს.

ჩამოვდა ნაცრისფერ ქვეყანაში და უკეთესი გახადა, საკუთარი ფული დახარჯა მომავალი თაობისთვის, მუშაობდა სულ და ასწავლიდა სწორ მუშაობას სხვას, ამისთვის შეეძლო ძალიან ბევრი დრო დაეთმო.

იმ ღამეს, უნივერსიტეტში რომ წავედით, რამდენმა თქვა, ნეტა სიცოცხლეში ენახა, რამდენ ხალხს უყვარდაო.

ზოგადად, არ ვიცი კახა იყო ასეთი დისტანციური და მაგის ბრალია, თუ ჩვენ ვართ რაღაცნაირები. წესით წარმოუდგენელი იყო სათითაოდ რომ შევსულიყავით ყველა, ან მიგვეწერა, იცით, ბატონო კახა გაფასებთ და გვიყვახართ. ხომ გვკითხავდა (რა თქმა უნდა თქვენობით):
„თქვენ ### ხომ არ გაქვთ?“
თურმე ჯობდა გვეთქვა და დაენახა, რომ „ბენდუქიძე იუდა“ სექტაზე მეტი ჩვენ ვიყავით, კახას იდეების გულშემატკივრები და მხარდამჭერები.

როგორ მწყდება გული, რომ ის მაისური არ ჩავიცვი იმ დღეს, რომ ისე, როგორც თითქმის ყველა თანამშრომლთან, ვერ მოესწრო ოცნებებზე საუბარი ჩემთან, ძალიან საინტერესო საუბარი, რომ რაღაცები ვისწავლე მისგან და კიდევ ბევრი უნდა მესწავლა წესით, რომ სტატია, რომლის დაწერაც მთხოვა დავუწერე და არ გადავუგზავნე, მეორე დღისთვის გადავდე…

რა ცუდია, რომ სოციცხლეში ბევრად ნაკლები მადლობა მოისმინა.

Campus...ბოლო ერთი კვირაა ვუყურებ არქივს, ძველ სიუჟეტებს, გადაცემებს, სადაც კახა იყო სტუმრად, თითქოს რაღაცის ანაზღაურებას ვცდილობ.

ვხედავ ატირებულ ხალხს ჩემს გარშემო, რომლებიც კახას საერთოდ არ იცნობდნენ და ვხვდები, რომ ძალიან ამაყი ვარ, რადგან ცოტა ხნით, მაგრამ მქონდა მასთან მუშაობის ბედნიერება.

გუშინ დაკრძალვიდან პირდაპირ სახლში მოვედი. ადრე იყო, მაგრამ რატომღაც ჩამეძინა. რამდენიმე საათის შემდეგ ძალიან ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. ალბათ ეს ის მომენტია, როცა საბოლოოდ აცნობიერებ რა მოხდა.

ორშაბათი თენდება და და ხვალისთვის ვემზადები. დილით სამსახურში უნდა მივიდე და რეალურად უნდა ვიმუშავო, როგორც პიარ-მენეჯერმა.

აქამდე ხომ უნივერსიტეტების პიარიც კახა იყო…

ბეკა კოკაია

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების PR მენეჯერი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s