19 ოქტომბერი, 2010

გავაგრძელოთ აღზრდა-განათლებაზე საუბარი

გასაოცარია რეაქცია პირველი კლასიდან ინგლისურის სავალდებულო შესწავლაზე. აქ კრიტიკის დიაპაზონი ფართოა - ერთის მხრივ - არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა და მეორეს მხრივ - ეროვნულობის დაკარგვა, ქართველების გადაჯიშება, და ..
საბედნიეროდ, უცხო ენა რომ საჭიროა, ამას უმრავლესობა ეთანხმება. მაგრამ რატომ ინგლისური? (ქართველების გადაჯიშებაზე მერე ვიკამათოთ)

ჩინურს სწავლობ ჩინელებთან ურთიერთობისათვის, კორეულს - კორეელებთან, ნორვეგიულს - ნორვეგიელებთან. ყოველთვის ასეა? - არა. თურქულს თუ ისწავლი, აზერბაიჯანშიც გამოგადგება, შუა აზიაშიც, რუსეთის ზოგიერთ რეგიონშიც; პორტუგალიური - ზოგიერთ აფრიკულ ქვეყნებსა და ბრაზილიაში, ესპანური -ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.

ასეთ ენებს - რომელთა გამოყენება მათ სამშობლოს სცილდება - ლინგვა ფრანკა ეწოდებაინგლისურსაც მხოლოდ ინგლისელებთან მუსაიფისთვის არ სწავლობენ. 300 მილიონი ინგლისელისა და ამერიკელის გარდა, ინგლისურად შეგიძლია ელაპარაკო 125 მილიონი ინდოელს, 80 მილიონ ნიგერიელს, 48 მილიონ ფილიპინელს, 22 მილიონ კანადელს და .. 53 ქვეყანაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი აქვს (სხვათაშორის, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში და ავსტრალიაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია).

გარდა ამისა, ინგლისურად ლაპარაკობენ ყველგან, სადაც ტურისტს ფეხი დაედგმება - გინდა ევროპაში, გინდა ჩინეთში, გინდა ეგვიპტეში და გინდა .... აქ მინდოდა დამეწერა - ბათუმში, ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ.
ეხლა უკვე მესმის ხმები - აი, ხომ ვიძახდით, რომ ქართველები მოსამსახურეებად უნდა გადააქციონ, მაგენი მეისპენოამიტომ ავმაღლდეთ, ზემო სფეროებში ავიდეთ, ტურიზმს გავერიდოთ და მეცნიერებას შევხედოთ - მსოფლიოს ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ჟურნალი ინგლისურ ენაზე გამოდის. ნებისმიერ დარგში წამყვანი ათეული ჟურნალიდან ან ათივე ინგლისურენოვანია, ან ძალიან იშვიათად ერთი შეიძლება იყოს ორენოვანი. მე დიდი ხნის ძებნის შედეგად ოთხი ასეთი შემთხვევა ვიპოვე. ის, რომ ინგლისური დღევანდელი მეცნიერების ენაა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩაგვახედოს თავის ტვინში

კიდევ? ბიზნესს შევხედოთ. მახსოვს ჩემი გაოცება, როდესაც ერთ-ერთი დიდ ავსტრიულ კომპანიაში ვიზიტისას აღმოვაჩინე, რომ შიდა დოკუმენტაცია ინგლისურადა აქვთ! დიდ საერთაშორისო კომპანიას სხვა გზა არა აქვს, ფაქტიურად იძულებულია ინგლისურად იარსებოს

სხვადასხვა დროს ან სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ლინგვა ფრანკა იყო. მაგალითად, მეცნიერებაში ლათინური - ნიუტონმა თავისინატურალური ფილოსოფიის მათემატიკური პრინციპებიგამოაქვეყნა ლათინურად 1687 წელს. ინგლისური თარგმანი მხოლოდ 42 წლის შემდეგ გამოვიდა, მისი სიკვდილის შემდეგხმელთაშუა ზღვისპირეთში და დასავლეთ აზიაში არაბული იყო ლინგვა ფრანკა - და დღემდე ამის კვალად შემორჩა არაბული სიტყვები ევროპულ ენებში (ქართულშიც, ცხადია) - ადმირალით და ალგორითმით დაწყებული, aubergine = باذنجان (al-bādhinjān) = ბადრიჯანით დამთავრებული.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ფრანგულის და გერმანულის ლინგვა ფრანკობისათვის ბრძოლა ინგლისურის გამარჯვებით დამთავრდა. ინგლისური გახდა მსოფლიოს მეცნიერების, ვაჭრობის, ფინანსების და დიპლომატიის ენა.

ამიტომ ნუ მკითხავთ: რომელი ქვეყნის უცხო ენა შევისწავლოთმკითხეთ - რომელი ლინგვა ფრანკა შევისწავლოთმე გეტყვით - გლობალური და თანამედროვერომელია ეს ენა? - მხოლოდ ინგლისური!

სხვა სტატიები