3 დეკემბერი, 2014

ყველა რაღაცას წერს ვისაც ბატონ კახა ბენდუქიძესთან რაიმე შეხება ჰქონია…

გადავწყვიტე მეც დავწერო, უბრალოდ მეც მინდა გავუზიარო ადამიანებს ის რაც ბატონ კახასთან სულ რამოდენიმე საუბრით ჩამოვიყალიბე…

mestiashvili2

ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო ბატონ კახასთან შეხვედრა ამ წლის ივნისში. ერთ-ერთი საუნივერსიტეტო პროექტის ორგანიზებაში ვიღებდი მონაწილეობას, ამ პროექტის მიზანი იყო სხვა უნივერსიტეტებში ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენა კონკურსის საშუალებით და მათი ESM-ში სასწავლო გრანტით გადმოყვანა. საორგანიზაციო პროცესი დასრულებული იყო და უკვე ვემზადებოდით პროექტის გასაშვებად, ბატონ კახას, რა თქმა უნდა, როგორც ყველა საუნივერსიტეტო პროექტის მიმართ ამ მცირე კონკურსის მიმართაც ჰქონდა ინტერესი და უნდოდა რაც შეიძლება კარგი გამოსულიყო… როდესაც შეხვედრა დაიწყო ყველაფერი მოვახსენეთ, რა გავაკეთეთ, რის გაკეთებას ვაპირებდით და ზოგადად როგორ ვაპირებდით კონკრეტულად დასმული ამოცანების შესრულებას…

ბატონი კახა იჯდა დიდი მაგიდის სათავეში, თვალდახუჭულმა გვისმინა გარკვეული პერიოდი და როგორც კი საუბარს მოვრჩით შემოგვიტრიალდა და გვითხრა: „ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ამ ტიპის კონკურსით ხომ ისევ თქვენნაირებს იპოვით, გადმოიყვანთ და დიდი ვერაფერი შეემტება უნივერსიტეტს. მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც რეალური საქმის გამკეთებლები არიან და უბრალო თეორეტიკოსებად არ ჩამოყალიბდებიან“.

თავიდან გული დამწყდა, შეპასუხებაც კი ვცადე. ვფიქრობდი რატომ გვითხრა ბატონმა კახამ ეს სიტყვები, ნუთუ ასეთი ცუდები ვიყავით…

მხოლოდ და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დავფიქრდი ამ საკითხზე და ერთ რამეს მივხვდი ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, ბატონმა კახამ ეს სიტყვები სწორედ იმიტომ გვითხრა, რომ სჯეროდა ჩვენ უკეთესები შეგვიძლია ვიყოთ და გვიბიძგა იმისაკენ რომ ჩვენი შესაძლო თვითრეალიზაციის მაქსიმუმი გაგვეკეთებინა.

როდესაც დავფიქრდი გამახსენდა თუ როგორ მომწერა ამ საუბრის შემდეგ რამოდენიმე კვირაში და დამაკავშირა ინვესტორთან, რომელიც დაინტერესებული იყო ჩემი ბიზნეს იდეის განხორციელებით და საქმეც დაიძრა. მივხვდი, ის ამას არ გააკეთებდა რომ არ ჰქონოდა მისი უნივერსიტეტების ყოველი სტუდენტის იმედი…

მივხვდი, რომ ამ საუბრის შემდეგ თითქოს ვცდილობდი დამემტკიცებინა ჩემი თავისათვის და ალბათ მომავალში ბატონი კახასთვისაც, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და საუკეთესონი ვართ… მივხვდი, თუ რა იყო ჩემი დრაივი, როდესაც რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, რამდენიმე სტარტაპის დაწყება ვცადე და ზოგიერთი გამომივიდა კიდეც… მივხვდი, რა მაძლევდა იმის ძალას რომ ღამეები გამეთენებინა და საქმე მაინც ბოლომდე მიმეყვანა…

მართალია ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად გვაძლევენ დრაივს, თუმცა მე მჯერა, მე ვიცი, რომ ბატონი კახა ამ ყველაფერს გაცნობიერებულად და ზუსტი თანმიმდევრობით აკეთებდა. სწორედ ამ საუბარმა, მისმა ერთმა წინადადებამ შემცვალა და გამაკეთებინა ის, რასაც ალბათ მისი ამ ბიძგის გარეშე ვერ ან არ გავაკეთებდი…

არ ვიცი რამდენად კარგად გადმოვეცი ჩემი აზრები, მაგრამ ვფიქრობ, ბატონ კახასთან სულ მცირე საუბარი, ყოველი სტუდენტისათვის იყო გამოცდილება, ახალი გაკვეთილი, დრაივი…

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი კახას მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის, სტუდენტებისათვის…

მე პირადად ძალიან დიდი დანაკლისი ვიგრძენი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც ჩემი მეგობრები მას ბევრად უკეთესად იცნობდნენ და ალბათ მისთვის რიგითი სტუდენტი ვიყავი, თუმცა ბატონი კახა ყველა სტუდენტს ინდივიდუალურად უდგებოდა, მისთვის ყველა მნიშვნელოვანი იყო და დაუზარებლად ხვდებოდა, ეხმარებოდა ყველას, ვისაც საჭირო იყო ეჩხუბებოდა და სწორ გზაზე აბრუნებდა…

მე ვიგრძენი რომ რაღაც საყრდენი გამომეცალა… ვიგრძენი, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა დაკარგა ძალიან დიდი მენტორი და მცველი, რომელიც ყოველთვის მზად იყო მის სადარაჯოზე დამდგარიყო….

რაღაც შეირყა, თუმცა ვერ ვხვდები რა შეირყა ჩემში… თითქოს ის მიზნები და ამბიციები რომლებიც მამოძრავებდა საფრთხის წინაშე დადგა, ბატონ კახას, ალბათ გაუცნობიერებლად, ამ ამბიციებისა და მიზნების ფარულ მცველად ვთვლიდით ყველა…

ვფიქრობდით რომ თუ რამე გაგვიჭრდებოდა, თუ რამეში დახმარება დაგვჭირდებოდა ის აუცილებლად დაგვეხმარებოდა…

მისი წასვლა პირადად ჩემი და, ალბათ, ყველა ჩვენგანის გულში აჩენს ძალიან დიდ სიცარიელეს…

არ ასებობს, ლოგიკურად, რაციონალურად, პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი რომელიც ბატონი კახა ბენდუქიძის ინტელექტში და საქმეში რაიმე ცუდს ხედავს; მის მტრებსაც კი უწევთ აღიარება იმისა რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული და ძლიერი ადამიანი იყო ამ ქვეყანაში…

იმ ღამეს, როდესაც ბატონი კახას გარდაცვალების შესახებ გავიგეთ და უნივერსიტეტში ავედით მის გასახსენებლად, მე ადამიანებში ვხედავდი წუხილს, შიშს და ამავდროულად სიძლიერესაც. მე დავინახე რომ ჩვენთვის მისი სტუდენტებისათვის მის მიერ დაწყებული საქმე 10-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მნიშვნელოვანი გახდა…

მე პირადად ათმაგი პასუხისმგებლობით მოვეკიდები იმ მიზნებს რომლების რეალიზაციისათვისაც იბრძოდა ბატონი კახა…

მინდა ვთქვა: ბატონი კახას დაწყებული საქმე არ დაიკარგება… მას ჩვენ გავაგრძელებთ და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე…

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული დანატოვარი ჩვენ ვართ, მისი სტუდენტები…

კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო კახა, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით როგორც ჩვენი მცველი, მენტორი, მასწავლებელი, მეგობარი და ჩვენთვის ყველაზე დიდი და ძლიერი დრაივის მომცემი…

მინდა ვუთხრა თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, ვიზიარებ მეგობრებო… ჩვენ დავკარგეთ ადამიანი რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ შეგვიცვლის და არა მხოლოდ ჩვენ, მთელ საქართველოსაც…

სხვა სტატიები