ყველაფრის გადმოცემა ტექსტით შეუძლებელია
27 ნოემბერი, 2014
მკითხა, რამდენი ხანია ჩემთან მუშაობთო? – რომ ვუთხარი მეოთხე წელია-მეთქი, როგორც სჩვეოდა, სათვალე შეისწორა და გაოცებულმა შემომხედა…
მმმმმ… ამდენი ხანია მიძლებთო?
რაღაც საკითხებზე ვისაუბრეთ, მასთან შეხვედრისთვის უჩველოდ წყნარადაც კი… მითხრა – თქვენ წრფელი სიტყვებით გადმომეცით შინაარსი, ეს სიმართლეა და ახლა ყველაზე მარტივად მესმის თქვენიო… რომ დავემშვიდობე და ოთახიდან გამოვედი, უკან გამომყვა, ისევ დამიძახა და შემახსენა – ირა ხომ იცით ესა და ეს ისევ არის გასაკეთებელიო.
ადრე მითხრა, ირას დაგიძახებთო… მერე მენეჯერი ხართო, მითხრა… და ბოლოს, წრფელი ადამიანი ხართო, ასე შემაფასა…
ალბათ სწორედ ეს იყო კახას მორალი – ჯერ სხვებისგან გამოგარჩევდა, სახელს დაიმახსოვრებდა, თუ გაუძლებდი გაგამენეჯერებდა და თუ ამასაც გაუძლებდი ყველაზე მაღალ ინსტანციად მისთვის ადამიანური ღირებულებების შეფასებაღა რჩებოდა…
ბოლო წერილი რომ მივწერე, დავუწერე – მე თქვენ მიყვარხართ ბატონო კახამეთქი…
არადა არასოდეს არ მიმიწერია მსგავსი…
ერთხელ ჩავეხუტე მახსოვს, აი მაშინ, მარგველაშვილი რომ შემოგვივარდა უნივერსიტეტში… მაინც შემხვდა საქმეზე, არ გადადო თათბირი არაფრით,– და მაშინ ვუთხარი, უბრალოდ მინდა ჩაგეხუტოთ-მეთქი და ჩამეხუტა… მერე სტუდენტებთან ჩავიდა შეხვედრაზე, მე ვიფიქრე ჩუმად მეც შევალ, მოვუსმენთქო – კარი გავაღე თუ არა სავსე აუდიტორიის წინაშე მითხრა: „ირა, ვიცი რომ ბევრი საქმე გაქვთ, ხომ ასეა?“ :) – მეც „გადამაფიქრებინა“ იქ ყოფნა, რისთვისაც მან, ყველაზე რთულ წუთებშიც კი მოიცალა, ჩვეულ რიტმში მისი დავალებების შესრულება განვაგრძე…
არ იცოდა რას ნიშნავდა პრობლემა, ყველაზე პრობლემიან დღესაც კი…
მე გამიმართლა, მასთან სიცოცხლის ბოლო წლებში იმაზე მეტი დრო გავატარე, ვიდრე საკუთარ სახლში… მაშინ ვწუწუნებდი, ვბუზღუნებდი, ღამის 2-3 საათზე სახლში რომ მივდიოდი კახას თათბირიდან თავი ტრეფიკინგის მსხვერპლთან შედარებით კიდევ უფრო დიდად ჩაგრული სუბიექტი მეგონა… მშიოდა და მის კაბინეტში უხვად მომარაგებულ თხილეულს მუსრს ვავლებდი ხოლმე… ზოგჯერ მეუბნებოდა, ირა ნუ ჭამთ, ჯერ მე მომისმინეთო.
ამირჩია და მივედი.
მასწავლა და ვისწავლე.
შემაფასა და დავაფასებ – ყოველთვის, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გადმოცემა ტექსტით შეუძლებელია…