25 ნოემბერი, 2014

რატომ მუშაობს ბენდუქიძე? – ამ კითხვას ხშირად მისვამდნენ ადამიანები, როდესაც გაიგებდნენ, რომ მე ახლოს ვიცნობდი კახა ბენდუქიძეს და ხშირი საქმიანი შეხვედრები მქონდა მასთან. უკვირდათ, ხომ ყველაფერი აქვს, რატომ იტკივებსო თავს ამდენი წვრილმანით? ჩემი პასუხი მარტივი იყო: ადამიანს, რომელიც თავად ასე ღრმად და ფართოდ იყო განსწავლული, მკაფიოდ ესმოდა განათლების პრობლემის სიმწვავე საქართველოში და ზუსტად განათლებას თვლიდა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საფუძვლად.

ამას მე ბატონ კახასთან პირველივე შეხვედრაზე მივხვდი. ეს იყო იმ დროს, როდესაც იწყებოდა თავისუფალი უნივერსიტეტი. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი შვედეთიდან, სადაც თავი დავანებე ლუნდის უნივერსიტეტში მუშაობას და აღარ ვაპირებდი უნივერსიტეტის სისტემაში მიბრუნებას. ჩემი იდეები მქონდა და საკუთარი პროექტების კეთებაზე ვფიქრობდი.

რატომ მიდის კაცი ბენდუქიძესთან – ჩემი პროექტებისთვის დაფინანსება მჭირდებოდა. ამიტომაც ვთხოვე შეხვედრა. საინტერესოა, რომ ეს შეხვედრა საღამოს 7 საათზე დაიწყო და დილის 3 საათზე დასრულდა, – თუმცა უშედეგოდ: მე ფული მჭირდებოდა, ბატონი კახა კი მთავაზობდა მის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში დამეწყო მუშაობა. ჩვენ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და მე დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანს მართლაც რაღაც დიდის და მნიშვნელოვნის გაკეთება ჰქონდა ჩაფიქრებული. და მეც გადავწყვიტე, გვერდში დავდგომოდი მას ამ საქმეში და ჩემი მცირე წვლილი შემეტანა.

როდესაც ქვეყნის პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ რას თვლიდნენ დიდი ქვეყნების დიდი ადამიანები უმნიშვნელოვანესად თავიანთი სამშობლოსთვის. ცნობილია, რომ თომას ჯეფერსონმა თავად დაწერა საკუთარი საფლავის ეპიტაფია – მისი სიკვდილის შემდეგ საფლავის ქვაზე ამოსატვიფრი სიტყვები.იქ არ იყო ნახსენები ჯეფერსონი, როგორც შტატის გუბერნატორი, ისიც კი არ იყო ნათქვამი, რომ ჯეფერსონი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ძალიან წარმატებული პრეზიდენტი. მაგრამ იქ მკაფიოდ იყო მოხსენიებული ჯეფერსონი, როგორც ვირჯინიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ასეთი იყო მისი პრიორიტეტები.

დღეს, როდესაც კახა ბენდუქიძის ახალი ცხოვრება იწყება, დადგა ჟამი ფასეულობების გადაფასებისა. ეს არის დრო, როცა ქართველებმა აღარ იკითხონ, რატომ მუშაობდა კახა ბენდუქიძე, თუკი მას ყველაფერი ჰქონდა და უბრალოდ მადლობა გადაუხადონ ამ გაკეთებული საქმისთვის.

სხვა სტატიები