ის, რასაც ვნანობ
17 ნოემბერი, 2014
პირველმა შეხვედრამ კი, რომელიც 6 თვით ადრე შესდგა, 2 საათზე მეტს გასტანა და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ის პერიოდი იყო, როცა მე და ჩემი მეგობრები (გია დვალი, დათო ლორთქიფანიძე და ვაჟა ბერეჟიანი) მეცნიერების და განათლების კონცეფციაზე ვმუშაობდით, და ტექსტის ძირითადი ნაწილი უკვე გამოქვეყნებული გვქონდა. ბატონი კახა ძალიან დაინტერესებული იყო ამ საკითხით, რადგანც განათლება და მეცნიერება მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული. თანაც, იმ ეტაპზე ჩვენს კონცეფციაში არ იყო გარკვეულად ნათქვამი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესებს შეეხებოდა. როგორც თავად მითხრა, ყველა ჩვენგანს დიდ პატივს სცემდა და არ უნდოდა ჩვენთან საჯარო პოლემიკაში ჩართულიყო, ერჩივნა ინდივიდუალურად გაეზიარებინა თავისი შეხედულებები და დაესვა მისთვის საინტერესო და მტკივნეული შეკითხვები.
ჩვენი საუბარი ხანმოკლე შესავალის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა – ბატონი კახა სვამდა კითხვებს და მე უნდა გამეცა პასუხი. ცოტა ხანში მოვხვდი, რომ ბატონი კახა თავის სათქმელს კითხვის ფორმით ამბობდა და ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ჩვენს კონცეფციაში გარკვეულ კითხვაზე პასუხი ან არ არის ან არასრულყოფილადაა ჩამოყალიბებული. მის ამ სტილს ძალიან მალე ავუღე ალღო და მეც პასუხის გაცემა კითხვის ფორმით დავიწყე. მალე მიხვდა, რომ მისი სტილი გადავიღე, გაეღიმა და ყოველგვარი კომენტარის გარეშე შეწყვიტა კითხვების დასმა და გავაგრძელეთ ჩვეულებრივი საუბარი. ყველაფერზე ვისაუბრეთ, დაწყებული საბჭოთა განათლების სისტემიდან, რომლის პროდუქტი ორივე ვიყავით და დამთავრებული თანამედროვე მეცნიერების გამოწვევებით. საუბარი იმდენად საინტერესო იყო, ორსაათნახევრი ისე გავიდა, ვერც კი ვიგრძენი. გულწრფელად ვიტყვი, ბევრი საკითხი, რომელიც თითქოს მარტივი და ცალსახა იყო ჩემთვის, ბატონ კახასთან შეხვედრის შემდეგ სულ სხვა კუთხით და სხვა განზომილებით დავინახე და ბევრი მანამდე თითქოსდა მარტივი დებულების სისწორეზე დავფიქრდი. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მისთვის ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო. თუ ასეა, მან მიზანს მიაღწია…